კადრები ,,ახალი’’ დევნილების ცხოვრებიდან


    თეთრიწყაროს რაიონის კოდის დასახლებაში მცხოვრები ცხინვალიდან, ფრონეს და ლიახვის ხეობიდან დევნილები, მთავრობას ყურადღებას სთხოვენ. ისინი დასახლებაში ბინების უსამართლო გადანაწილებაზე და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. დევნილების თქმით მათვის რეაბილიტირებული საცხოვრებლები ახლა კორუფციის საგანი გახდა.




თეთრიწყაროს რაიონის კოდის დასახლებაში 10 სხვადასხვა ფერის კორპუსში ერთიდაიგივე პრობლემის მქონე ,,ახალი’’ დევნილები ცხოვრობენ.
446 ცხინვალიდან, ფრონეს და ლიახვის ხეობიდან დევნილი ოჯახი კოდის ყოფილ სამხედრო ქალაქში ცხოვრობს. (მთლიანობაში 1370 დევნილი - მონაცემები მოგვაწოდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ) კორპუსების წინ, ასფალტის გზებს შორის ერთ გრძელ ზოლად მიწაა დატოვებული. მასზე პომიდორის და კიტრის ნარგავები ჩანს. ,, მიწა გვიყვარს და მასზე მუშაობა გვენატრება. თუმცა ეს ნაყოფიერი რეგიონი არ არის. ჩვენსას ვერ შეედრება. ‘’ – მიხსნის ერედველი ქალბატონი. ,,ჭანჭური, რომ მოგენატრება ერედველს ესაა ცხოვრება’’- ამატებენ სხვებიც.



ჩვენ გარშემო ნელ-ნელა ხალხის რაოდენობაც მატულობს. სახელდახელოდ გაბმულ სარეცხის თოკებთან მდგომი დევნილი ქალბატონებიც გვიერთდებიან. საუბრობენ ყველაფერზე გარდა იმის, თუ როგორ ცხოვრობენ კოდაში და რა პრობლემები აქვთ. დასამალი რა არის ვთქვათ, რაც საჭირსო, მიმართა ერთ-ერთმა დევნილებს. ,, აქ არიან 3 სულიანი ოჯახები, რომლებსაც ისეთივე 2 ოთახიანი ბინა მისცეს, როგორც 6 სულიან ოჯახებს. ზოგმა ბინა საერთოდ გაყიდა, ან გააქირავა. ჩვენ კი სივიწროვეში ვხცოვრობთ. არავინაა ჩვენი პატრონი.




გვირიგებენ ფქვილს, მაგრამ პურის გამოსაცხობად ფეჩები არ გვაქვს. წყალი კი დღეში ერთხელ ნახევარი საათით მოდის. ისიც მე-2 და მე-3 სართულზე ვერ ამოდის. “ – საუბრობენ დევნილები და თითქმის ყოველი პრობლემის დასახელების შემდეგ ამბობენ: ,, ჩვენ ვერ ვგრდძნობთ, რომ პატრონი გვყავს’’. დევნილების კორპუსებში რამოდენიმე დაკეტილი ბინა ჩვენც ვნახეთ, თუმცა ამ ფაქტიდან გამომდინარე დასკვნებისგან თავს შევიკავებთ.

მთავრობისგან ყურადღებას 74 წლის თენგიზ არბოლაშვილი ელის:

,, ვითხოვ სამართლიანად გადანაწილდეს ფართი. სივიწროვის გამო, არ მინდა ოჯახში ვიმეს ხელი შევუშალო და ნახევრად დღეს ეზოში ვატარებ. საქმე მაინც მქონდეს რამე. რუსთავთან ახლოს დასამუშავებლად ნახევარ ჰექტრამდე მიწა დაგვირიგეს. აქედან რუსთავში სიარული აბა როგორ გამოვა?! ამიტომ ვართ ასე.



ახლაა არაფერი, რომ არ მაქვს თორემ სახლში 8 ტონა ვაშლი დამრჩა. იქაურობის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ ჩემი მეზობელი მოკლეს და შემეშინდა. ფეხით ჩამოვედი იგოეთამდე’’- გვიყვება არბოლაშვილი.



კოდაში მცხოვრები ე.წ ახალ დევნილების პრობლემებზე კომენტარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვთხოვეთ. ინტერვიუ წერილობითი ფორმით შედგა: ,, სახელმწიფომ კოდაში დევნილებისთვი რეაბილიტირებულ კორპუსბში ავეჯი და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები შეიტანა. გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში დევნილებს სისტემატურად მიეწოდებათ პროდუქტი. ასევე, სახელმწიფო უფარავთ მათ გაზისა და დენის გადასახადს. სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთობლივად არაერთხელ მოხდა დევნილების უზრუნველყოფა ტანსაცმლით. დასახლებაში გაშენდა სპორტული მოედანი. მათ დაურიგდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.’’ – აცხადებენ სამინისტროდან. მათი თქმით დასახლებაში ნამდვილად არსებობს წყლის პრობლემა, რასაც ,, არასაკმარისი მოცულობის წყლის რეზერვუარი’’ ქმნის. პრობლემის გამოსწორების გეგმაზე და ვადებზე, სამინისტრო ინფორმაციას არ გვაწვდის. თუმცა აღნიშნავს, რომ მთავრობა სისტემატიურად ზრუნავს დევნილებზე. სწორედ, ამ ზრუნვის შედეგად ბავშვებისთვის კოდაში სპორტული მოედანი აშენდა. თუმცა, დევნილები ამ საკითხთან დაკავშირებითაც უკმაყოფილებას გამოთქვამენ:



,,ჩვენი შვილებისთვის არანაირი გასართობი არ არის. ტრიალი მინდვრები და ოთხი საქანელა აქვთ. სკოლა კი ორი სოფლის იქითაა მუხათში. ‘’ – საუბრობენ თამარაშენიდან და ქურთიდან დევნილი მშობლები. ერთ-ერთი მათგანი 7 წლის ანის დედაა. ანა წელს პირველად წავიდა სკოლაში. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მისგან განსხვავებით, თავისი ისტორია ქურთიდან დევნილმა ქალმა გვიამბო. მეუღლე რუსმა სამხედროებმა სახლიდან წაიყვანეს. გზაზე ცემეს და მიმავალი მანქანიდან გადმოაგდეს. ცხედარი დღესაც არ იციან სად არის. ,, ტელევიზორით უყურებდი როგორ გადმოდიოდნენ სვანეთის გზით აფხაზეთიდან დევნილები. ასე მეგონა ფილმის კადრები იყო და არა რეალობა. ახლა ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. ყველა აფხაზეთიდან დევნილის მესმის. ჩვენ შორის ახლა ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ სახლებში დაბრუნების იმედი კიდევ გვაქვს’’- ამბობს დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი.



ამ ხალხთან საუბრისას მუდმივად გვქონდა იმისი განცდა, რომ თავის სათქმელს ბოლომდე არ ამბობდნენ. ,, მერე მოგვძებნიად და გვეტყვიან რა გინდოდათ, რა გალაპარაკებდათ ამდენსო. ჩვენც ზედმეტი პრობლემა რათ გვინდა. თუმცა, რაც მოგვივიდა იმაზე მეტი აწი ვინ რა უნდა გაგვიკეთოს’’ – ამბობენ ჩვენანთ პირად საუბარში დევნილები. მათ ყველაზე დიდი გულისტკივილით ბინების გადანაწილებაზე ისაუბრეს. მოგვიყვნენ იმ გორელებზეც, რომლებსაც ომმამდე არაფერი ჰქონდათ ახლა კი ,,უცხოური მანქანებით ‘’. კოდის დასახლებაში ფართის გადანაწილების საკითხზე კომენტარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც ვთხოვეთ. ეს ერთადერთი კითხვა იყო, რომელზიც სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა.

,,ახალმა’’ დევნილებმა საუბარს ამ სიტყვებით დაასრულეს: ,, ჩვენი სახლები, ხეხილით სავსე ეზოები გვენატრება. იმედით შევყურებთ ყველა უცხოურ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი კომფლიქტის მოგვარებაზე ზრუნავს’’.







მანონ ბოკუჩავა

Comments