„მაგათთვის რა მნიშვნელობა აქვს, რუსთავის მერიაში დაელაპარაკებიან ერთმანეთს თუ რესტორანში?“



















5 მაისს მთავრობამ რუსთავში გასვლითი სხდომა ჩაატარა. დაცვის თანამშრომელებისა და კრიმინალური პოლიციისგან დაცულ რუსთავის მერიაში მინისტრები ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ.


მთავრობის სხდომა პირველი 15 წუთით მედიისთვის ღია იყო. აქცენტი გაკეთდა რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი აგვისტოს დასაწყისში დაიწყება და ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ითქვა, რომ ამ გზით რუსთვში ჩასვლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარებით კი ეს მანძილი 35 წუთში იფარება.
მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთ მომხსენებლად თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია ეწერა, მაგრამ იგი რუსთავში არ ჩამოსულა. პრემიერ-მინისტრი არჩევნების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ახლა მთავარი პრიორიტეტი მოახლოერბული არჩევნების სწორად და გამჭვირვალედ ჩატარებაა. „ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პრინციპები სრულად იყოს დაცული“, – თქვა მან.

ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელმა რუსთავში მამუკა ტაბატაძემ სწორედ საერთაშორისო პრინციპების დარღვევებზე ისაუბრა: „არავის გაუკვირდეს თუ ერთ დღეს პოლიცია იარაღს ან ნარკოტიკს ჩამიდებს და იტყვის, რომ მე თურმე ნარკომანი ვყოფილვარ. უკვე ერთი კვირაა მანქანით დამყვებიან უკან და სახლის სიახლოვეს მდარაჯობენ. მათი მანქანის სერიაა ჰმჰ 729“.

68 წლის გელა პერტაიას მინისტრებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა. „ბინის პრობლემასთან დაკავშირებით მინდა, რომელიმეს დაველაპარაკო. უკვე 17 წელია, ნაქირავებში ვცხოვრობ. იქნებ მომისმინონ და დამეხმარონ. ხომ ხედავთ, წინა საარჩევნოდ ჩვენც და ჩენი რეგიონიც არ ავიწყდებათ?! საერთოდ, ერთმანეთში სალაპარაკოდ კი არ უნდა დადიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, ჩვენ უნდა გვხდებოდნენ - ხალხს. მაგათთვის რა მნიშვნელობა აქვს რუსთავის მერიაში დაელაპარაკებიან ერთმანეთს თუ რესტორანში?“ – გვითხრა გელა პერტაიამ, რომელმაც თავისი სათქმელის ადრესატამდე მიტანა ვერ შეძლო. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ცუდად გახდა და მერიის შენობა დატოვა.





მანონ ბოკუჩავა
ქვემო ქართლი

მასალა გამოქვეყნდა საიტზე www.humanrights.ge
სტატიის გამოყენება აღნიშნული საიტის მითითების გარეშე აკრძალულია!

Comments