ადამ მიხნიკი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტად სამართლიანობის სისტემა მოიკოჭლებს

ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი, ყოფილი დისიდენტი და საზოგადო მოღვაწე ადამ მიხნიკი ისევ ეწვია საქართველოს. ამჯერად - სამხრეთ კავკასიის ლიბერალური უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. 
მიხნიკი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჟურნალისტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა.
პოლონეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, იან იაკუბ ვიგნანსკიმ, იაცეკ კოზლოვსკიმ და ვიტეკ ჰებანოვსკიმ ვრცლად ისაუბრეს პოლონურ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე, მთავარი გმირი კი, რა თქმა უნდა, მიხნიკი იყო, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიზაციასთან, თანამედროვე რუსეთის თავისუბურებებთან და მედიასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გაამხვილა ყურადღება. 
















მიხნიკის აზრით, საქართველოს მსგავსი პოსტსაბჭოური ქვეყნების მთავარი საფრთხე დემოკრატიის კულტურის არარსებობაა.
"დემოკრატია არის თავისუფლება კანონისა და სახელმწიფოს ფარგლებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტად სამართლიანობის სისტემა მოიკოჭლებს. ამ სისტემას მიბმული აქვს თავისუფალი ბაზრის პრინციპზე მოქმედი ეკონომიკა. რუსეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფოს კანონებს ოლიგარქები და სპეცსამსახურები ადგენენ და ირგებენ საკუთარ თავზე", _ განაცხადა მიხნიკმა. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მიხნიკის აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცე აწყდება, ისტორიის არასწორი გააზრებაა.
"
ყოველთვის ისმის კითხვა, როგორც მივუდგეთ საკუთარ ისტორიას, როგორ მოვახდინოთ დეკომუნიზაცია და ლუსტრაცია. პოლონეთში ამ საკითხზე ხანგრძლივი დებატები მიმდინარეობდა. ისინი, ვის ხელშიც იყო "კაგებეს" არქივები, მასალებს მათ პოლიტიკური მტრების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. 
კომუნიზმის დასრულება იდეის დასრულებას ნიშნავს. კომუნიზმი ბალკანეთში ნაციონალიზმმა ჩაანაცვლა და ამის მაგალითი ბალკანეთია, სადაც ნაციონალიზმი კომუნიზმის მწვერვალად მოგვევლინა. ნაციონალიზმის იდეას კრემლი ყოველთვის კარგად იყენებდა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში და გარკვეული პროცესების ინსპირირებას ახდენდა. თუმცა, მოსკოვის ინსპირირება არ იყო ყოველთვის ერთადერთი მიზეზი, ჩვენს ქვეყანასა და სხვაგანაც მეტ-ნაკლები მზაობა იყო, რომ დემოკრატიისთვის მიუღებელი პროცესები დაწყებულიყო", _ განაცხადა ადამ მიხნიკმა.
საუბრის დიდი ნაწილი მიხნიკმა რუსეთის თემატიკას დაუთმო. მან, ძირითადად, რუსეთის გაურკვეველ მომავალზე ისაუბრა.

"
რა მიმართულებით წავა რუსეთი? რას ნიშნავს რუსული მოდერნიზაციის იდეა? შესაძლებელია თუ არა მოდერნიზაცია დემოკრატიზაციის გარეშე? შეიძლება დემოკრატიული რუსეთი იყოს არაიმპერიალისტური? ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. მასთან დაკავშირებით საფრთხეც ორმაგდება: ერთი მხრივ, რუსეთი შეიძლება საფრთხე გახდეს, ზოგადად, დემოკრატიული პროცესებისთვის, მთელ საბჭოთა სივრცეში; რუსეთის შიშმა შეიძლება, დემოკრატიული პროცესები დაბლოკოს მის მეზობელ ქვეყნებში, მეორე მხრივ კი, თავად რუსეთში შეიძლება დესტაბილიზაცია დაიწყოს ამ ყბადაღებული მოდერნიზაციის გამო, დესტაბილიზებული ქვეყანა კი, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, ყოველთვის დიდი საფრთხეა დანარჩენი მსოფლიოსთვის", _ განაცხადა მიხნიკმა. 
პოლონელი ჟურნალისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. მისი შეფასებით, ამ დროისთვის საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთთან ურთიერთობაა. 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას პოლონელი ჟურნალისტი ხაზს უსვამს - აბსურდი იქნება იმის მტკიცება, რომ ომამდე და ომის შემდეგაც საქართველოს შეცდომები არ დაუშვია.
"
მოსკოვშიც კი არავის სჯერა იმისა, რომ უზარმაზარი და იმპერიალისტური საქართველო თავს დაესხა პატარა, დაჩაგრულ რუსეთს, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ საქართველოს არ დაუშვია შეცდომა და ქართველებს შეფასებებში არ გადაუჭარბებიათ. პრეზიდენტ სააკაშვილსაც ეგონა, რომ ყველაფერი შეეძლო და ამან თავისი გავლენა იქონია მომხდარზე. 

საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ არ აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს წარსული. თანამედროვე ქართულ ელიტას მოთმინების უნარი აკლია. ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ერთადერთი შანსად კომპრომისის ფილოსოფია რჩება: ზოგადად, ასე ხდება, კომპრომისისთვისაც და პოლემიკისთვისაც ერთნაირად უნდა გამოიყოს სივრცე. იქ, სადაც კომპრომისი არ არის, იქ "პუტინიზმია", რომელიც, სხვათა შორის, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას საფრთხედ შეიძლება შევაფასოთ", _ აღნიშნა მიხნიკმა.
 

"
თუ ფიქრობთ, რომ პოლონეთში არ გვქონდა მედიის პრობლემა, ძალიან ცდებით. აიღეთ თუნდაც, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი. კაჩინსკი კარგი ადამიანი, მაგრამ ცუდი პრეზიდენტი იყო და ბევრი რამის გამო მისი მოწინააღმდეგე ვიყავი. აი, მისი ძმა, იაროსლავ კაჩინსკი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია ჩაეკლა", _ განაცხადა მიხნიკმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", მიხნიკმა განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, "იმედში" დემოკრატიული გუნდის ხელში ენახა:
"
რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, "იმედი" დემოკრატიული გუნდის ხელში მენახა. მინდა, რომ იქ პირველხარისხოვანი ჟურნალისტები და პუბლიცისტები მუშაობდნენ და ერთმანეთთან თანამშრობლობდნენ.’’

Comments