რუსთაველების აზრით, ყვითელი წვიმა რუსთავის გიგანტი საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურებას მოჰყვა


მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
humanrights.ge

20 აპრილს თბილისსა და რუსთავში ტალახიანი წვიმა დილით, დაახლოებით ათის ნახევარზე დაიწყო. წვიმას მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა და ქოლგებზე, ტანსაცმელსა თუ მანქანებზე ტალახის წერტილოვან კვალს ტოვებდა. მოქალაქეები შეშფოთებას ვერ მალავდნენ და მოვლენას ბოლოდროინდელ კატაკლიზმებს უკავშირებდნენ, ძირითადად - იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით გამოწვეულ ატმოსფეროს დაბინძურებას.
რუსთავში დილის 09:30-ზე აგურისფერი წვიმა წამოვიდა. ,,ქუჩაში მოვდიოდი და უცებ დავინახე, რომ ყველა გამვლელს ქურთუკებზე ყვითელი წერტილები გაგვიჩნდა. ერთმანეთს ფერთხვა დავუწყეთ. მერე მივხვდით, რომ ყვითელი მტვერი, სინამდვილეში, წვიმის წვეთების კვალი იყო. ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს დიდი ქარი იყო და შორიდან შეეძლო რაიმე მტვრის გადმოტანა რუსთავის თავზე. მე ვფიქრობ, ეს მტვერი ჩვენი ქარხნებიდან მოდიოდა“, – ამბობს რუსთავის მოქალაქე ბადრი ვეფხვაძე.

„არ ვიცი, რა ხდება?!.. ერთბაშად ტალახიანი წვიმა წამოვიდა. ვერ ვიგებთ, რა უნდა იყოს მიზეზი“, – ამბობდნენ რუსთაველები.

ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერავინ ამტკიცებს, შეიძლებოდა თუ არა ყვითელი წვიმა რუსთავში მოქმედ მსხვილ საწარმოებს გამოეწვია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი, ქეთევან გუჯარაიძე აცხადებს, რომ ასეთი მოყვითალო წვიმა საქართველოში 2009 წელსაც მოვიდა.

„სამწუხაროდ, არასამთვარობო ორგანიზაციებს არა გვაქვს საშუალება, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატაროთ. 2009 წელს, როცა ასეთივე აგურისფერი წვიმა მოვიდა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო და მაშინ ითქვა, რომ წვიმას, უბრალოდ, უდაბნოდან ატაცებული ქვიშა მოჰყვებოდა. ისიც ითქვა, რომ ალოგიკური არ არის, ქვიშა ქარმა ეგვიპტისა და სირიის უდაბნოებიდან აიტაცოს და ჩვენამდე ასე მოაღწიოს. ასეთი რამ მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ არ არის საშუალება დამოკიდებელი ექსპერტიზით გადამოწმდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ანალიზის ოფიციალური შედეგები“, – ამბობს ქეთევან გუჯარაიძე.

ყვითელი წვიმის მიზეზს ამჯერადაც უდაბნოებიდან ატაცებულ ქვიშას მიაწერს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას იგი ასევე ამბობს, რომ ეს წვიმა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.

„სინოპტიკური სიტუაცია ისეთია - ღრმა ციკლონმა უდაბნოდან, კერძოდ - სირიიდან, ეგვიპტიდან და იორდანიიდან ქვიშა აიტაცა. რაც შეეხება ქიმიურ ანალიზს, ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს ანალიზი. თუმცა, ეს რთულია იქნება, რადგან წვიმა ძალიან მცირე რაოდენობით მოვიდა“, – ამბობს რამაზ ჭითანავა.

მისივე თქმით, ასეთი წვიმა დაფიქსირდა რუსთავში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში.

საუბრისას რამაზ ჭითანავამ ხაზი გაუსვა, რომ ყვითელი წვიმა მცირე რაოდენობით მოვიდა.თუმცა, რუსთავში წვიმამ თითქმის მთლიანად ტალახით დაბურა ქუჩაში მდგომი მანქანების საქარე მინები.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენს ქალაქში ტალახიანი წვიმა მოვიდა. ასეთი რამ სისტემატიურად ხდება. თუმცა, ასეთი მუქი წვიმა პირველად მოვიდა. მიზეზი ეგვიპტე კი არა ის საწარმოებია, რომელთა მილები გამუდმებით აფრქვევს ყვითელ კვამლს. რუსთავი იყო ამ წვიმის ეპიცენტრი. თბილისში წესიერად ვერც გაიგეს, რომ ტალახიანი წვიმა მოდიოდა“, – ამბობს რუსთაველი მელანო ჯიქია.

„ინტერპრესნიუსმა“ ტალახიანი წვიმის თაობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის კომენტარი გაავრცელა. მისი თქმით, თბილისში ტალახიანი წვიმის მიზეზი სამხრეთ- დასავლეთიდან შემოსული ჰაერის მასებია, რომლებიც დიდი რაოდენობით მტვერსა და ქვიშას შეიცავს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს ჰაერის მასები ეგვიპტიდან და სირიიდან შემოდის. ამიტომაც ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობით მტვერი და ქვიშაა, რაც წვიმაზე აისახება.

„ტალახიანი წვიმა იშვიათი მოვლენა არ არის. ხოლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა ნიორაძემ.

24 აპრილამდე მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

Comments