ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა დევნილებმაც ამოიღეს

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

 რამდენიმე დღის  წინ,  რუსთავში დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში რუსეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ბიზნესმენის, მინდია გულუას წარმომადგენლები გამოჩნდნენ. დევნილებს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი გულუას ბიოგრაფია დაუტოვეს და აუხსნეს, რომ გულუას პარტია 3 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დამფუძნებელ ყრილობაზე ეპატიჟებოდათ. “ჩვენ გვითხრეს, რომ მანქანებს ვერ დააყენებდნენ, რადგან შესაძლებელია ხელი შეუშალონ. აგვიხსნეს, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე ხელმოწერებსაც შეაგროვებდნენ.
ამ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დევნილები მისი მხარდამჭერები არ ვიყოთ. ყველა არჩევნებზე ჩვენთან მორბოდნენ მათი კოორდინატორები და კარს ვუღებდით?! რა მივიღეთ სანაცვლოდ?! ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილები, ბაღებიდან და სხვა შენობებიდან უსულო საგნებივით გარეთ გაყრილი ჩვენი ხალხი... გგონიათ, ის ქალი არ გვახსოვს სუბელიანის კართან თავი, რომ დაიწვა?! დაემშვიდობონ დევნილების ხმებს” – ამბობს, აფხაზეთიდან დევნილი ლამარა კოკაია. მისი თქმით, ის ფილარმონიაში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მსურველთა სიაში ხელის მოსაწერად მივიდა: “არ ვიცი, ვინ არის მინდია გულუა. მოვუსმენ გამომსვლელებს და გავიგებ, რა აზრები აქვთ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ, ის ვიცი, რომ გულუა ჩემსავით აფხაზეთიდან დევნილია”.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გულუას პარტიის “განახლებული საქართველოს” გამგეობის წევრები დაასახელეს. თავად პარტიას კი მინდია გულუას და – ნანა გულუა უხელმძღვანელებს. ყრილობაზე მოსულ მოქალაქეთა დიდ ნაწილს აფაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეადგენდა.

“ჩვენი ამომრჩევლები, ცხადია, დევნილი მოსახლეობა იქნება. მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მომავალში აქტიურად ვითანამშრომლებთ რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან. მას შემდეგ, რაც სამართლებრივად, ყველა წესის დაცვით, ჩვენი პარტია დაფუძნდება, ოფისებს რეგიონებშიც გავხსნით.

რაც შეეხება ჩვენ დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ვთვლით, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. სხვა საკითხებში ჩვენს თანამშრომლობაზე მე ვერაფერს გეტვით.

მომავალში მოვაწყობთ შეხვედრას ჟურნალისტებისთვის და ყველა კითხვაზე გიპასუხენთ” – ამბობს, “განახლებული საქართველოს” პრესმდივანი, ხათუნა ჩარკვიანი.

ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადეობისთვის ერთი კითხვა დარჩა პასუხსგაუცემელი. “ეს კაცი ივანიშვილის თანამოაზრეა, თუ ცალკეა?” – ეკითხებოდნენ ყრილობაზე მოსულები ერთმანეთს.

მინდია გულუას გვარს ქართულ მედიაში ხშირად აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ჯერ-ჯერობით თავად ისინი თავიანთ ურთიერთობაზე არ საუბრობენ. აქვთ თუ არა ერთობლივი გეგმები, საზოგადოებისთვის უცნობია.

მინდია გულუაზე ცნობილია, რომ ის 2008-2010 წელს კრასნოდარში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ივერიას”, 2010 წლიდან კი არის საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველოსთვის” პრეზიდენტი. აღნიშნულ საზოგადოებრივ მოძრაობაში უსეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციებია გაერთიანებული

Comments