რა დაუშავეს რუსთაველმა ბავშვებმა რუსთაველ „ნაციონალებს“?



მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობა ადგილობრივ თვითმმართველობებს ევალებათ, თავის მოვალეობას კი, თვითმმართველობები ასე ასრულებენ - რუსთავში მოქმედი ბაღების უმრავლესობას სველი წერტილების, ძველი ინვენტარის და თანამშრომელთა დაბალი ხელფასების პრობლემა აქვს.
თითქმის ყველა ბაღში, წლების წინ შეძენილი პატარა რკინის, საღებავ გაცლილი საწოლები დგას. ჯუფებში ოცდაათი და ზოგჯერ მეტი ბავშვი ყავთ.
“უკვე ორი თვეა არ დამყავს ბავშვი ბაღში. ვთვლი, რომ ბაგაში 25 ბავშვზე მეტს ერთი ძიძა და ერთი მასწავლებელი სათანადო ყურადღებას ვერანაირად ვერ მიაქცევს.
როცა ბაღში დამყავდა, ჭურჭელი, თეთრეული, საპონი და ყველა საჭირო ნივთი ჩემი შესაძენი იყო. ბაღს, ცხადია, ჰქონდა თავისი თეთრეული და ჭურჭელი, მაგრამ აბა ვის უნდა დამტვრეულპირიანი და სახელურჩამოტეხილი ჭიქით სვამდეს მისი შვილი?! არაფერს ვამბობ წლების წინ ნაყიდ დამტვრეულ და გაუბედურებულ სათამაშოებზე“ – ამბობს ორი შვილის დედა რუსთაველი, ეკა გელაშვილი.
საბავშო ბაღებში პრობლემების არსებობას არ მალავენ ბაღის გამგეები.

“ჩვენი შენობა ნამდვილად საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს. გამოსაცვლელია ინვენტარი და შესაკეთებელია სველი წერტილები. რაც შეეხება გათბობას, ეს საკითხი სრულად მოგვარებულია. გაზის გამათბობლები ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეგვიძინა.

მერიამ, ასევე, გადახურა რუსთავის თითქმის ყველა ბაგა-ბაღი. გვეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ჩემ ბაღში 126 ბავშია. 3-4 წლამდე ჯგუფში 33 ბავშვი გვყავს, 4-5 წლამდე ჯგუფში - 37, ხოლო უფროსების ჯგუფში - 38. ვერ ვიტყვი, რომ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა დიდია. დასწრება არასოდესაა სრული, ამიტომ ჯგუფში ამდენი ბავშვი რეალურად არ გვყავს. რაც შეეხება ბაღის გადასახადს, როგორც მოგეხსენებათ, 30 ლარს ყველა ბავშვს თვითმმართველობა უხდის. დანარჩენ 30-ს თავად იხდიან.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნას, მე პირადად მივესალმები. დღემდე ყველა ბაღი სხვადასხვა პროგრამით სწავლობდა, თუ ერთიან სასწავლო პროგრამას შეგვიდგენენ მუშაობა გაგვიადვილდება” – ამბობს რუსთავსი მე-10 ბაგა-ბაღის გამგე, ნაზი კომახიძე.

ამ ბაგა-ბაღის ყველა ოთახი მოწესრიგებული დაგვხვდა, თუმცა ძველი ფანჯრები, ინვენტარი და ასევე ძველი თვალებდათხრილი სათამაშოები სისუფთავეს ფასს უკარგავდა.

„მე მასწავლებელი ვარ. ხელზე ვიღებ 169 ლარს. ძიძები იღებენ ჩვენზე ათი ლარით მეტს” – ყველა საბავშო ბაღში გულისტკივილით გვიხსნიდნენ თანამშრომლები.

რუსთავის საბავშო ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ მომავალ წელს შესაძლებელია ბაღების პერსონალისთვის მოხერხდეს ანაზღაურების გაზრდა. ამ ეტაპზე კი თავისი გასაჭირი თავად გაერთიანებას აქვს. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაქრო დათუაშვილი ირმა მესხით შეცვალეს. მესხი ამ სფეროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანია. ის “რუსთავის კორპუსს” ხელმძღვანელობდა. როდის გაერკვევა საქმეში ირმა მესხი და ზოგადად რა ბედი ელით გაერთიანების თანამშრომლებს, კიდევ საკითხავია.

ერთადერთი, რასაც ბაღების გაერთიანება და ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ერთხმად დადებითად აფასებენ, განათლების სამინისტროს კანონპროექტია, რომლის თანახმადაც, სამინისტრო საბავშო ბაღებისთვის სასწავლო პროგრამებს თავად შეადგენს.

პარლამენტის თანხმობის შემდეგ “ზოგადი განათლების კანონში” შესაბამისი ცვლილებები შევა და ყველა საბავშო ბაღი სამინისტროს დამტკიცებული პროგრამით იმუშავებს.

თუმცა, დღეს რუსთავის ბაგა-ბაღებს ერთიანი სასწავლო პროგრამის უქონლობის გარდა, სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ამ სფეროში მომუშავე ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ჯობდა ბაღების საკითხი სრულად დაქვემდებარებოდა განათლების სამინისტროს.

რუსთავის თვითმმართველობა, რომელსაც საბავშო ბაღები აბარია, წლების მანძილზე ვერც ინვენტარის შეცვლას და ვერც შენობების რემონტს ახერხებს, თუმცა კარგად ახერხებს საკუთარი ავტოპარკის 12 ძვირადღირებული „შკოდა ოქტავიას“ მარკის მანქანებით განახლებას. ასევე, არ ენანება ფული, “რუსთავქალაქობაზე”უცხოელი მომღერლების მოპატიჟებისთვს, იოლად იხდის ათასობით ლარს მერიის მოედნის რეკონსტრუქციისთვის, რომელსაც “უკუღმართ პროექტად” თავად ადგილობრივი ჩინოვნიკები მოიხსენიებენ.

3-5 წლამდე ასაკის რუსთაველები, რომლებსაც თვითმმართველობისგან, გათბობის საკითხის მოსაგვარებლად და ბაღში სწავლების ხარჯის ნახევრის გადახდაზე, გაცილებით, მეტი სჭირდებათ, კვლავ თვალებდათხრილი სათამაშოებით თამაშობენ.

Comments