Presage.tv-ის კორესპონდენტი რუსთავის თვითმმართველობას სასამრთლოში უჩივის



ინტერნეტ-გამოცემა Presage.tv -ის რუსთაველმა კორესპონდენტმა მანონ ბოკუჩავამ რუსთავის თვითმმართველობას ადგილობრივ სასამართლოში უჩივლა, საჯარო ინფორმაციის მიღება-გავრცელებაში ხელის შეშლის ბრალდებით.
ჟურნალისტი ითხოვდა 2010-2011 წლებში რუსთავის თვითმმართველობის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიების (პრემიების გაცემის თარიღი, ოდენობა და მიმღებთა ვინაობა) შესახებ ინფორმაციას.
„რუსთავის თვითმმართველობამ მიგვითითა საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის #47 დადგენილებაზე. სადაც, არ აღმოჩნდა ინფორმაცია 2010-2011 წელს გაცემულ პრემიებზე. დადგენილებაში არც ის კონკრეტული სია დაგვხდა, რომელიც პრემიის ოდენობასა და გაცემის თარიღში გაგვარკვევდა“, უთხრა Media.Ge-ს ინტერნეტ-გამოცემის ჟურნალისტმა.

მისივე ცნობით, მეორე საჯარო ინფორმაცია, რომლითაც ინტერნეტ-გამოცემა დაინტერესდა, რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკის განახლებას ეხებოდა. კონკრეტულად კი, რა თანხა დაიხარჯა თვითმმართველობამ 2011 წელს „შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომანქანების შეძენისთვის.

ჟურნალისტის განცხადებით, რუსთავის თვითმმართველობა მხოლოდ ძუნწი ინფორმაციის გაცემით დაკმაყოფილდა, კერძოდ, საპასუხო წერილში ეწერა, რომ ავტომანქანების შეძენის საკითხი ,, მოწესრიგებულია” ,,ლიბერთი ბანკთან” დადებული ხელშეკრულებით.“

„ხელშეკრულების ასლი ჩვენთვის არ გადმოუციათ“, ამბობს მანონ ბოკუჩავა

სარჩელის მომზადებაში ინტერნეტ-გამოცემის ჟურნალისტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) არსებული ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი დაეხმარა. სასამართლოზე ბოკუჩავას ინტერესებს საიას იურისტი მიხეილ ლურსმანაშვილი დაიცავს.


www.media.ge 

Comments