საჯარო სკოლებში მე-12 კლასელთა წმენდა გრძელდება

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არებობსო - იფიქრეს რუსთავის საჯარო სკოლებში და მოახლოებული მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდებისთვის სკოლებში „დიდი წმენდა” დაიწყეს.

მოსწავლეები, რომლებსაც გასულ წლებში დაბალი აკადემიურო მოსწრება ქონდათ და საატესტატო გამოცდებზე დიდი ალბათობა იყო, რომ სკოლის თავმომწონე დირექტორები შეერცხვინათ, სკოლებიდან ამა თუ იმ საბაბით გაუშვეს. დღეს ეს მოსწავლეები რუსთავის კერძო სკოლების მე-12 კლასელები არიან. ადამიანი, რომელმაც აღნიშნულ თემაზე მუშაობა გვირჩია, განათლების სისტემაში მუშაობს. ამბობს, რომ სკოლის შინაგანაწესი დირექტორს მოსწავლის სკოლიდან გაგდების საშუალებას უპრობლემოდ აძლევს.
„ეს პროცესი წინა მე-12 კლასელებსაც შეეხოთ. საატესტატო გამოცდების დანიშვნა ყველასთვის დიდი მოულოდნელობა გახლდათ. მას შემდეგ, რაც გამოცდები შაშკინმა დააანონსა, სკოლებში დიდი წმენდა დაიწყო. რუსთავში თავმომწონე სკოლების დირექტორებმა დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვები სხვადასხვა საბაბით სკოლებიდან გაუშვეს. საბუთებით იმისი დამტკიცება, რომ ესენი სწორედ ამ გამოცდების გამო გაუშვეს, შეუძლებელია. ასე ვთქვათ, საქმე კარგადაა შეკერილი, მაგრამ მეორეს მხრივ, კერძო სკოლები საჯარო სკოლებიდან გამოყრილი მე-12 კლასელების მიღებას ვეღარ აუდიან.

ჩნდება კითხვა - რამ გამოიწვია ეს ტენდენცია? ლოგიკური მსჯელობით, სწორედ, ზემოთხსენებულ მიზეზთან მივდივართ. რამდენადაც ვიცი, ასეთი დიდი წმენდა რუსთავის მე-4 სკოლასაც ჰქონდა. საწუხაროდ, ადგილობრივი რესურს-ცენტრი ამაზე რეაგირებას არ ახდენს. არ ვიცი, არის თუ არა საქმის კურსში თავად განათლების სამინისტრო” – ამბობს ჩვენი წყარო.

Presage.tv-მ სცადა, აღნიშნული ინფორმაცია კერძო სკოლებში გადაემოწმებინა.

„მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ბავშვი გამოცდების შიშით გამოაგდეს სკოლიდან - ამის კვლევა-ძიება ჩემი საქმე არ არის. წელს საჯარო სკოლიდან „რუსთველში” ოცი მე-12 კლასელი გადმოვიდა. ჩვენ გვევალება ბავშვს დავეხმაროთ და თუ საჭიროა, ამისთვის ინდივიდუალური პროგრამაც შევადგინოთ. ასეთი ბავშვებისთვის, გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად განსხვავებული პროგრამა და დამატებით სწავლებაა საჭირო.

შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები საკმაოდ დათრგუნულები არიან. ხომ ხვდებით - თერთმეტი წელი სხვა თანატოლებთან ერთად გაატარეს და აქ ერთ წელიწადში, როდესაც ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი, ერთმანეთთან დამეგობრებას ვერ ასწრებენ. არც იციან, ბანკეტზე და ბოლო ზარზე, რომელ კლასთან ერთად უნდა იყვნენ.

ალბათ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ყველას - საჯარო, თუ კერძო სკოლის დირექტორს მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა მართებს...” – აღნიშნა კერძო სკოლა „რუსთველის” დირექტორმა, ზაირა კიკნაველიძემ.

საჯარო სკოლებიდან გამოყრილი თუ გამოშვებული ბავშვების თემა ახალი და უცხო არც კერძო სკოლა „მერიდიანისთვისაა”.

„სხვადასხვა საჯარო სკოლიდან გამოშვებული მე-12 კლასელები ჩვენთან აქტიურად მოდიან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიღებთ ასეთ ბავშვებს. სკოლა პატარაა და თან, მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია ერთ წელიადში მოამზადო ბავშვი ისე, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. ალბათ, ასეთ ბავშვებზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ სკოლებს ეკისრებათ, რომელთა მოსწავლეებიც ეს ბავშები თერთმეტი წლის განმავლობაში იყვნენ” – ამბობს, კერძო სკოლა „მერიდიანის” დირექტორი, მზია ნარიმანიძე.

ჩვენი ინფორმაციით, საჯარო სკოლიდან გამოშვებული მე-12 კლასელთა სიმცირეს არ უჩივის რუსთავის კერძო სკოლა „მოძღვარიც”.

მე-12 კლასელთა საჯარო სკოლებიდან მასიურ გამოშვება-გამოყრაზე კომენტარისთვის რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს, მარინა უგულავას ვუკავშირდებით... „კომენტარისთვის სამინისტროს ნებართავაა საჭირო. მიმართეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდიან “ – სამინისტროსკენ იშვერს თითს უგულავა, თუმცა თემასთან დაკავშირებით მცირე კომენტარს მაინც აკეთებს:

„მსგავს საკითხებს სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს. გამოცდებზე ჩაჭრის შიშით სკოლიდან მოსწავლეების გამოგდების ტენდენცია რუსთავში არ არის. შესაბამისად, მსგავსი პრეტენზიით რესურს-ცენტრში არც ერთი მშობელი და მოსწავლე არ მოსულა”.

მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრები ვერ, ან არ ხედავენ არსებულ რეალობას, ლოტოტრონით აჩეული დირექტორები მათთვის საფრთხის შემცველ მოსწავლეებს სკოლებიდან უშვებენ. მსგავს საჯარო სკოლებს საატესტატო გამოცდებზე, როგორც წესი, საუკეთესო შედეგი აქვთ – მაღალი ქულები და არც ერთი ჩაჭრილი მოსწავლე.

Comments