რაიონებში პოლიციას „სიყვარულს” ციფრებით უდასტურებენ

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

2010 წლიდან ქვეყნის, თითქმის ყველა რაიონის ბიუჯეტი პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს აფინანსებს. რაიონებში მოქმედი განყოფილებების ფინანსურ უზრუნველყოფას შინაგან საქმეთა სამინისტროც ახდენს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის უღარიბესი რაიონებიც კი საკუთარ ბიუჯეტს მათ უნაწილებენ.
პრესაგე.ტვ გაეცნო რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის 2012 წლის ბიუჯეტს. ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებიდან პოლიციას ყველა, სხვადასხვა თანხით აფინანსებს.

ადგილობრივი პოლიციისადმი მზურნველობაში ვერავინ შეედრება გარდაბნის რაიონს. აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულო 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, მომავალ წელს შსს ადგილობრივ ორგანოებს 442 000 ლარით დააფინანსებს. თანხა დაშლილი სახითაც აქვთ წარმოდგენილი: „226 900 - ოფისის ხარჯები; 210 000 – ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა; 5 000 – სხვა ხარჯები” – ვკითხულობთ გარდაბნის ბიუჯეტში.

გარდაბანზე გაცილებით ნაკლებად, ადგილობრივ პოლიციას მუშაობას, რუსთავის საკრებულო უფასებს. 2012 წელს ბიუჯეტში მათ პოლიციისთვის 160 000 ლარი აქვთ გათვალისწინებული. ქვემო ქართლის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებადშემოსავლიანი, თეთრიწყაროს რაიონი, პოლიციას 40 000 ლარს ურიცხავს. დმანისის რაიონის 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, ადგილობრივი პოლიცია 85 000 ლარით ფინანსდება.

სიძუნწეს იჩენს მარნეულის რაიონი. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის რაიონის ბიუჯეტი თითქმით ორი მილიონით აღემატება გარდაბანისას, ადგილობრივი პოლიციისთვის გარდაბანზე გაცილებით ნაკლებს იმეტებს. მარნეულის ბიუჯეტი პოლიციის ადგილობრივ სამსახურებს 200 000 ლარს ურიცხავს.

შესაბამისად, ქვემო ქართლის რაიონებს შორის ადგილობრივ პოლიციაზე ზრუნვის კუთხით გარდაბანი ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე ნაკლები, 9–მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, იგი მერაბიშვილის უწყებას 442 000 ლარს უთმობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადახდილი თანხები, ალბათ მიზერია იმასთან შედარებით, რასაც ეს უწყება ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს. 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებების მე-15 მუხლში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით ცხრანიშნა ციფრი - 585 200 000 წერია. ალბათ, ამ სოლიდურ ციფრში სამართალდამცავთა პრემიების საკითხიც მოგვარებულია.

„საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების წინაპირობა სწორედ რომ პოლიციის რეფორმა იყო. რევოლუციამდელი პოლიცია ხალხს აწამებდა, დღეს ჩვენი პოლიცია ხალხს ეკუთვნის, მას ხალხი სიყვარულით პასუხობს” – ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონსძიებაზე.

რაიონების ბიუჯეტების მიხედვით, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ ციფრებში ასახულ ,,სიყვარულზე.” ასეთი სიყვარული კი საბოლოოდ, თანხებს რაიონების სოციალური პროექტებისთვის ამცირებს.

Comments