ქვემო ქართლის საკრებულოები არჩევნების შემდეგ

kkpress.ge

ქვემო ქართლში ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში ადგილობრივი საკრებულოები ,,ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობით არის დაკომპლექტებული. არჩევნების შემდეგ ამ მხრივ მცირე ცვლილებები დაიწყო.

1 ოქტომბერს კოალიცია ,,ქართული ოცნების" გამარჯვებას, მელევე მოჰყვა რუსთავის და ბოლნისის საკრებულოებში 3-3 წევრის მიერ პარტიის და შეხედულებების ცვლილებაც.

გასულ კვირას ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა რუსთავის საკრებულოს წევრმა, ზაალ სანაიამ. მან საკრებულოს ორ წევრთან, ნუკრი შათირიშვილთან და უტა ლიპარტიასთან ერთად ფრაქცია ,,რუსთაველი" დააფუძნა. ახალი ფრაქციის წევრები მედიას უხსნიან, რომ რუსთაველებმა ხმა ახალ გინდს მისცეს და შესაბამისად, საკრებულოს წევრებიც ვალდებულნი არიან თანაქალაქელების სურვილს მიყვნენ.

ფრაქცია ,,რუსთაველი"-ს ერთ-ერთი წარმომადგენია რუსთავის საკრებულოს წევრი უტა ლიპარტიაც. საკრებულოს წევრი, რომელიც ადგილობრივ ჟურნალისტებს პასიურობით დაამახსოვრდა, არჩევნებამდე ჩვენთან საუბრისას ასეთ კომენტარს აკეთებდა:

,, მე მესმის და ვიღებ თქვენ შენიშნვებს. მართლაც ,,ძაან სიჩუმეა" რუსთავის საკრებულოს სხდომებზე.... თუმცა ეს არ არის კონკრეტული ადამიანებისგან გამომდინარე პრობლემა, საქმე იმაშია რომ ეს არის ერთპარტიული რეჟიმის პრობლემა. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს" - გვიხსნიდა ლიპარტია.

საკრებულოს წევრი სხდომებზე მის, ძირითად შემთხვევაში, დუმილს ერთი ,,მერცხლის უძლურობით" ხსნიდა. დღეს ლიპარტია ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩვენს კოლეგებს კი უხნის, რომ ერთპატრიული სისტემის ცვლილება ყოველთვის სურდა და ახლა ამის საშუალება მიეცა.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,რუსთაველის" წევრი გახდა ,,ქრიატიან-დემოკრატების" ფრაქციის აწ, უკვე ყოფილი წევრი ნუკრი შათირიშვილი. ისიც აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში მომხადარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა მიაღებინა. მედიასთან პირობას დებს, რომ თვითმმართველობა გაამართლებს თავის სახელს და მართლაც, ხალხის ნების შემსრულებელი გახდება.

შათირიშვილის უკვე, ყოფილი ფრაქციის წევრები გაოცებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ეს ამბავი ,,ყველაზე ბოლოს" მათ გაიგეს.

,, ვფიქრობ, რომ პოლიტიკაზე მნიშვნრლოვანი ადამიანური ურთიერთობებია. ჩვენ არაფერი ვიცოდით ბატონი ნუკრის გადაწყვეტილების შესახებ. ამ საკითხზე ჩვენთან არ უსაუბრია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან იყო სხვა ფრაქციაში ისე გადავიდა მგონი ეს ამბავი მე და თქვენ ერთდროულად შევიტყვეთ", - საუბრობს, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ,,ქრიატიან-დემოკრატი" ფიქრია ავლიანი. შათირიშვილის გადასვლით რუსთავის საკრებულოში ავტომატურად გაუქმნდა ,,ქრისტიან - დემოკრატების" ფრაქცია.

რუსთავის გარდა ცვლილებებია ბოლნისის საკრებულოშიც. ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ, ბოლნისის საკრებულოში ფრაქცია ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა. ის საკრებულოს სამ წევრს აერთიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოებში ახალი ფრაქციები იქმნება, ამ ეტაპზე ქვემო ქართლის ყველა რაიონის თვითმმართველობაში უმრავლესობას ,,ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. შესაბამისად, საკრებულოზე ხმათა უმრავლესობით საკითხები, კვლავ ყოფილი მმართველი პარტიის სურვილისამებრ გადაწყდება.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments