ყაჩაღობა ქვემო ქართლის სოფლებში - ერთ კაბინეტში დაგეგმილი სცენარი ?!


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

არჩევნების შემდეგ ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში ორი ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ,,რეზონანსი“ დაზარალებულ ოჯახებთან სასაუბროდ ბოლნისის რაიონ სოფელ ქვემო არქევანში და სოფელ მუღანლოში ჩავიდა.

ქვემო არქევანში ერთ სართულიანი ახლდაშეღებილი სახლის წინ 50-წელს დაგაცილებული იასიმ შირინოვი დაგვხვდა. სახეზე სილურჯეები და ნაიარევები ეტყობა. ჭრილობები აქვს სახეზე მის მეუღლეს, ნარგულ შირინოვასაც. გვიხსნიან, რომ ვაჟი ახლა საავადმყოფოში ჰყავთ.  მას ყბის ძვალი და კბილები აქვს ჩამტვრეული.

 ,, ეს უბედურება ჩემს ოჯახს 22 ოქტომბერს გამთერნიისას დაატყრდა. წინა დღე ქორწილში ვიყავით და სახლში გვიან  დავბრუნდით. გამთენიისას კი შავნიღბიანი 5 ავტომატით შეირაღებული კაცი შემოგვივარდა სახლში.  რუსულად საუბრობდნენ. ითხოვდნენ ოქროს და ფულს.   მე ვუთხარი, რომ  ბოსელში ორი ძროხა მყავდა და თუ უნდოდათ წაეყანათ. ამაზე გაბრაზდნენ და შემდეგ უთოს ძებნა დაიწყეს. ჩვენი წამება უნდოდათ. უთო ახლოში იყო. აივანზე გვედო, მაგრამ ვერ შენიშნეს. ოჯახის ყველა წევრი გაკოჭეს.

ჩემს მეუღლეს და რძალსაც სცემეს. ასევე, საწოლიდან წამოაგდეს ჩემი ნასვამი ვაჟი, რომელმაც მათ ხელი გაარყა. ამის გამო ის სასტიკად სცემეს.  გამოიტანეს სარდაფიდან რეზინის მილი და კისერზე უჭერდნენ, ზევით წევდნენ და ამბობდნენ ახლა გამოვჭრით ყელს-ო. ჩენი ნაცემი ოჯახის წევრების სისხლის კვალი ახლაც აცხია თეთრეულს“, - გვიყვება,  იასიმ შირინოვი. მისი მეუღლე ნარგული გვიყვება, რომ ყაჩაღობის შემდეგ  მარტო ვერც სახლში ჩერდება და ვერც გარეთ. ამბობს, რომ ოჯახიდან ოქროს სამკაულები და 400 ლარი წაიღეს. მცირე ზომის ოქროს საყურე მოხსნეს ყურიდან მის მეორე კლასელ შვილიშვილს.

,, რომ არ მეკივლა ბალიშებს მაფარებდნენ. სახლში შიგნით და აინზეც ჩააქრეს შუქი. შუბლში კონდახის ჩამარტეს და მთელი სახე სისხლით დამეფარა“, - იხსენებს ნარგულ შირინოვა. ამბობს, რომ მისი ოჯახი სოფელში დიდი შემოსავლებით არ გამოირჩევა. ძირითადად, მცირე ფართობის ვენახით და საქონლის მოვლით ინახავენ თავს.

ქვემო არქევანში შირინოვების მეზობლები პირად საუბარში გვიხსნიან, რომ სოფლის ნაკლებად შემოსავლიან ოჯახში ყაჩაღების შეჭრა საეჭვოა. მათი თმით, სოფელს შირინოვებზე კარგად მაცხოვრებელი ოჯახებიც ჰყავს. ამბობენ, რომ არჩევნებამდე მათ აშინებდნენ, რომ თუ ხმას ,,ქართულ ოცნებას“ მისცემენს მათ სოფელში სახლების ძარცვა დაიწყებოდა. ,, ჩვენ აქ ხმა ყველამ მიშას ხალხს მივეცით, მაგრამ მაინც ასეთი რაღაც მოხდა. როგორც ვიცით სოფელ მუღანლოშიც დააყაჩაღეს ოჯახი. ალბათ,  ვიღაცას უნდა თქვას, რომ აი, მოვიდა ახალი მთავრობა დაირღვა წესრიგი-ო. ეს ყველაფერი მათი მოწყობილია. აბა ავტომატები საიდან მოიტანეს ყაჩაღებდა?! აქამდე ეს იარაღი არსად ჩანდა“,  - საუბრობენ ადგილობრივები.

ქვემო არქევანის მსგავსად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფმა დააყაჩარა სოფელ მუღანლოშო ორუჯოვების ოჯახი. როგორც ალი ორუჯოვი იხსენებს ავტომატებით შეიარაღებულმა შავნიღბიანმა პირებმა,  მას ფული და ოქრო მოსთხოვოს. შემდეგ სახლში უთოს ძებნა დაიწყეს. მხოლოდ, თმის უთოს მიაგნეს, გააცხელეს და ოჯახის უფროსი  აწამეს. ორუჯოვს ახლა დამწრობის კვალის გარდა, დაზიანებები სახეზეც ეტყობა. რენტგენის სურათზე გვაჩვენებს, რომ სახის ერთ-ერთი ძვალი თვალის მიდამოებში ჩამტვრეული  აქვს და ოპერაცია სჭირდება. მისი თქმით, ყაჩაღები ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ, მათ კი რუსულად მიმართავდნენ.

,, ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ერთ-ერთმა  ყაჩაღმა მას შემდეგ რაც მცემა მკითხა არჩევნებზე 5 ნომერს მივეცი ხმა, თუ , 41-ო. მე არ ვუპასუხე“,  -  იხსენებს, ალი ორუჯოვი.

აღნიშნული ყაჩაღობის ფაქტები ქართულ მედიაზე აქტიურად აზერბაიჯანულ ტელევიზიებსა და ინტერნეტ საიტებზე გავრცელდა. ნაცემი შირინოვების ფოტოები აზერბაიჯანულ პოპულარულ  ვებპორტალებზეა განთავსებული.

ორგანიზაცია ,,დიალოგის და განვითარების“ ფონდის ხელმძღვანელი, რამილია ალიევა ფიქრობს, რომ დიდია ალბათობა იმისა -    ორგანიზებული დანაშაულები, არც მეტი არც ნაკლები, უკვე ყოფილი მმართველი გუნდის ორგანიზებული იყოს.

ალიევა, რომელიც 8 წელი მუშაობდა რეგიონში სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჟურნალისტად ამბობს, რომ აზერბაიჯანულ მედიაში შეიქმნა სურათი თითქოს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოში აზერბაიჯანელთა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

,, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს  კაბინეტებში დაწერილ სცენარებს.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ,,ვიღაცას“  ძალიან სურს   აზერბაიჯანის მთავრობა  ნეგატიურად განაწყოს საქართველოს ახალ ხელისუფლების მიმართ. ამ ყაჩაღობებით ხდება მათთვის და მოსახლეობისთვისი ჩვენება  იმისა, რომ სწორედ ის ახდა  რის შესახებაც მოსახლეობას  არჩევნებამდე  ,,აფრთხილებდნენ“.

მოგეხსებათ ქვემო ქართლის სოფლებში დადიდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ არსებული ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მათი მშვიდი ცხოვრება დასრულდებოდა და სოფლებში კვლავ ყაჩაღობა დაიწყებოდა“, - საუბრობს  ალიევა.

Comments