მარნეულის თვითმმართველობამ და სამოქალაქო სექტორმა რაიონის 2013 წლის ბიუჯეტზე იმსჯელა

kkpress.ge

მარნეულის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" რაიონის 2013 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს. თვითმმართველობის წარმომადგებლებმა არასამთავრობო სექტორს და აქტიურ მოქალაქეებს ახალი ბიუჯეტის პროექტი წარუდგინეს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის გამგებელი - ზაზა დეკანოიძე, მისი მოადგილე - ალექსანდრე მეტრეველი, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - ვუგარ მამედოვი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი თვითმმართველობების საკითხებში - კოტე კანდელაკი და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების პროექტების მენეჯერი - ოლღა ენდელაძე.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე რაიონის ბიუჯეტი პროექტის თანახმად 21 მილიონს შეადგენს. ,, ჩვენ არ ვიცით ტრანსფერით რა რაოდენობის თანხას მივიღებთ. თუმცა ამისთვის ჩვენსა და ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა დაწყებულია. ვფიქრობ, რომ მარნეულში ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ", - საუბრობდა, kkpress.ge-სთან მარნეულის რაიონის გამგებლის მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი. მისი თქმით, მსგავსი დისკუსია ბიუჯეტთან დაკავშირებით პირველად იმართება და გამგეობა მზადაა სამოქალაქო სექტორისგან მიიღოს შენიშვნები და რჩევები.

ბიუჯეტის პროექტის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, გარკვეული შენიშნვები ადგილობრივ ხელისუფლებას ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხში, კოტე კანდელაკმა მისცა.

,, მივესალმები ბიუჯეტის საჯაროდ განხილვას. ეს არის სავალდებულო და იმედია მომავალშიც ბიუჯეტის ფორმირება ამ მეთოდით მოხდება. ერთადერთი ვისურვებდი ბიუჯეტი უფრო დაშლილი, ანუ პროგრამული ყოფილიყო. თანხის დანიშნულების მითითებისას ვფიქრობ, რომ მეტი განმარტებები არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ვიცოდეთ კონკრეტულად რა რაში იხარჯება. ამის გაკეთება დანართების სახითაც შეიძლება. ასევე, ვფიქრობ რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მარნეულის სოფლებშიც უნდა მოხდეს და არა მხოლოდ ქალაქ მარნეულში", - საუბრობდა, კანდელაკი.

2013 წელს ბიუჯეტის სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადებას კითხვები გაუჩნდა. განსაკუთრებით, უარყოფითად მათ ბიუჯეტში სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 80 ათასი ლარი მიიღეს.

,, მარნეულში სოფლის მეურნეობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. რატომ არის ასეთ მცირე თანხა არხების მოწესრიგებისთვის?! ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტში სპორტული სკოლისთვის და გასართობი ღონიძიებებისთვის სერიოზული თანხების დახარჯვა იგემება?!", - კითხულობდა შეხვედრის მონაწილე სამოქალაქო სექტორი.

მათ კითხვებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უპასუხა. განმარტეს, რომ სარწყავი არხების მოწესრიგება სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედის. თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით ბიუჯეტის პროექტის დიდი ნაწილი არ არის დაწერილი, რადგან ბევრი საკითხი ტრანსფერის ოდენობაზეა დამოკიდებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხში, კოტე კანდელაკმა აღნიშნა, რომ ამბიუჯეტში არ არის გამოყოფილი თანხები ადგილობრივი პოლიციისთვის და ეს დადებითი ფაქტია. მისი თქმით, პარლმანებტში ამ დღეებში განიხილავენ მაჟორიტარების რაიონული ბიუროების დაფინანსების საკითხს და შესაძლებელია, ადგილობრივ ბიუჯეტებს ეს ხარჯიც მოეხსნათ.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments