ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები - ,, შეშფოთებული“ ჩიორა თაქთაქიშვილი და რუსთავის საკრებულო

მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

,, შემაშფოთებელი სიტუაცია არის   რუსთავის საკრებულოში. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები,   საკრებულოს წევრებს სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებიან იმ შემთხვევაში თუ მათ მხარს არ დაუჭერენ“ , - უხსნიდა  მედიის წარმომადგენლებს, ჩიორა თაქთაქიშვილი. მან ასევე,  დახმარებისთვის სერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. თაქთაქიშვილი აღნიშნავდა, რომ ზეწოლა და მუქარა ხორციელდება ,,ქართული ოცნების“ მხრიდან სხვა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებზეც.

აღნიშნულმა განცხადებამ გაოცება  გამოიწვია რუსთაველებში. საქმე იმაშია, რომ რუსთავის  საკრებულოში  ,,ქართულ ოცნებას“ წევრი არ  ჰყავს. ამასთან ერთად, 31 ოქტომბერს რუსთავის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ,  საკრებულოს ხელმძღვანელმა თაქთაქიშვილისგან რადიკალურად განსხვავებული კომენტარი გააკეთა.

,, ჩვენ გვქონდა ახალი ხელუსფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა.  შევთანხმდით ძალიან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. ახლა კი ერთ-ერთი საკრებულოს წევრი, ბ-ნ ნუკრი შათირიშვილი ცდილობს მოირგოს შუამავლის როლი, ჩვენსა და ახალ ხელისუფლებას შორის.  თუმცა მინდა ვუთხრა მას, რომ ჩვენ შუამავალი არ გვჭირდება. რუსთავის  საკრებულოს  და ახალ ხელისუფლებას შორის არ არის გადაულახავი დაბრკოლებები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმ  მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს“, - საუბრობდა 31 ოქტომბერს სხდომიდან გამოსული, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე.

საკრებულოს წევრი რომელთანაც 31 ოქტომბრის სხდომაზე შეკამათება მოუხდა  გურგენიძეს, ამჟამად უპარტიო,  ნუკრი შათირიშვილია.

,, ბატონი  ნუკრი არ წარმოადგენს ,,ქართულ ოცნებას“. ჩვენ ეს საკითხი უკვე, შესაბამის  პიროვნებებთანაც  გადავამოწმეთ“,  - დასძენდა, თავად კახა გურგენიძე.

,,რეზონანსის“ ინფორმაციით  რამდენიმე დღის წინ,  რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელსა და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, ზვიად ძიძიგურს შორის შეხვედრა შედგა. ამავე შეხვედრაზე ახალ ხელისუფლებას გურგენიძემ თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოუცხადა.

რაც შეეხება საკრებულოს უპარტიო წევრ, ნუკრი შათირიშვილს მას გურგენიძის მიმართ კონკრეტული საყვედურები ჰქონდა. საკრებულოს წევრი მას განსახილველი საკითხების სხდომამდე 5 წუთით ადრე გადაცემას საყვედურობდა. ასევე, შათირიშვილი აცხადებს, რომ 6 ოქტომბერს საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა. ახლა კი ირკვევა, რომ არსებობს დოკუმენტაცია სადაც წერია, რომ სხდომა ჩატარდა  და მასზე შათირიშვილი არ გამოცხადდა. სწორედ, აღნიშნულ სადავო სხდომასთან დაკავშირებით ახსენა შათირიშვილმა პროკურატურა. მან განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სურს მიმართოს პროკურატურას. შათირიშვილის ეს განცხადება კი  ჩიორა თაქთაქიშვილმა საკრებულოზე ზეწოლის ფაქტად გამოაცხადა.

Comments