თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების დაკლებას უარყოფს

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
humanrights.ge

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განაცხადა, რომ მან ოქტომბერში 200 ლარით ნაკლები ხელფასი აიღო. „გვითხრეს, რომ შემდეგი ორი თვეც ასე იქნება. დაგვაკლებენ 200-200 ლარს, შემდეგ თვეებში კი ამ თანხას გადაგვინაწილებენ და მოგვცემენ. მე არ ვიცი, ეს ყველა თანამშრომლის შემთხვევაში ასე გაკეთდა თუ არა. ალბათ, ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სადმე გულაობს ჩვენი ფულით“, - აღნიშნა ჩვენმა წყარომ, რომელიც თავდაცვის უწყებაში მუშაობას აგრძელებს.

თავდაცვის სამინისტროს ფინანსები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ახალი მინისტრის მისვლისთანავე გახდა. ირაკლი ალასანიამ მედიას განუცხადა, რომ სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარია გარღვევა. ამ ეტაპზე უცნობია, რას დაახარჯა ალასანიას წინამორბედმა ეს თანხები.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო პოტრჟებსკაია აცხადებს, რომ ინფორმაცია 200 ლარით დაკლებულ ხელფასებზე არ არის სწორი. „მე პირადად ხელფასი სრულად ჩამერიცხა. შემიძლია, ეს საკითხი გადავამოწმო ფინანსურ სამსახურში“, - ამბობს და მოგვიანებით თავად გვიკავშირდება. პოტრჟებსკაიას თქმით, სამინისტროს ხელფასები არავისთვის არ დაუკლია და ეს პასუხი შეგვიძლია ჩავთვალოთ თავდაცვის სამინიტროს ოფიციალურ კომენტარად.

ცოტა ხნის წინ, ნინო პოტრჟებსკაია ასეთივე დამაჯერებელი ტონით გვიხსნიდა, რომ დიმიტრი შაშკინი არსად გაქცეულა და ამერიკას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა.

Comments