ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი გორელოვკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდება

მანონ ბოკუჩავა, სამცხე-ჯავახეთი
humanrights.ge

14 ნოემბერს humanrights.ge-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 15 ნოემბერს ნინოწმინდის რაიონ სოფელ გორელოვლაში სამინისტროს განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელი, გიორგი მაზმიშვილი ჩავა. მათი თქმით, მაზმიშვილი ეკომიგრანტების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და მზად არის, არსებულ სიტუაციაზე მოგვიანებით თავად მოგვაწოდოს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ humanrights.ge ნინოწმინდის რაიონ სოფელ გორელოვკაში გასულ კვირას იმყოფებოდა. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს მიმართ უკმაყოფილება სოფელში ჩასახლებულმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა გამოხატეს. ჩვენთან საუბარში, თითქმის ყველა ჩამოსახლებული ოჯახი აცხადებდა, რომ სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებელი სახლების და სათიბი მიწების გადაცემა. ეკომიგრატები სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელს ნაზი დევაძეს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ეკომიგრანტების თქმით, დევაძე სახელმწიფოს მიერ ეკომიგრანტებისთვის შესყიდულ სახლებში მათ შესახლებისთვის ფულს სძალავს. ვრცლად, იხ. humanrights.ge-ს რეპორტაჟი - „აჭარელი ეკომიგრანტები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ“.

ჩვენთან სატელეფონო საუბარში გორელოვკაში მცხოვრები ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ გეგმავენ დახმარებისთვის პროკურატურასაც მიმართონ. ხოლო სამინისტროსგან, პირველ რიგში, გიორგი მაზმიშვილისა და ნაზი დევაძის თანამდებობებიდან განთავისუფლებას ითხოვენ.

Comments