ვაჟა ლილუაშვილი დაკავებულია

kkpress.ge

კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი დაკავებულია. ლილუაშვილის ადვოკატის ზაზა ვაშაყმაძის განაცხადებით, მას ბრალი სისხლის სამართლის 159-ე მუხლით ედება. აღნიშნული მუხლი პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის, ან სხვაგვარი შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

ლილუაშვილის გვარი წლების მანძილზე აქტიურად ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით აღნიშნულ რეგიონზე პასუხისმგებლობა, სწორედ, ლილუაშვილს ეკისრებოდა. მიუხედავად, იმისა რომ ვაჟა ლილუაშვილი ლევან მამალაძის კადრი იყო, ის შემდეგი ხელისუფლებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. კულვარული ინფრმაციით ლილუაშვილი რეგიონის პრობლემური საკითხების ,, კარგად ცოდნისთვის" საჭირო კაცად ვანო მერაბიშვილმა ჩათვალა და რეგიონიც გადააბარა.

ვაჟა ლილუაშვილის მიმართ უარყოფით განცხადებებს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე აკეთებდა კოალიცია ,,ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე. მისი განცხადებით, სწორედ ლილუაშვილი აშინებდა მოსახლეობას და კოალიციას არჩევნებზე ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა.

,, გარდაბანში ტაბახმელურ-წავკისური კლანია ჩამოყალიბებული, რომელსაც ვაჟა ლილუაშვილი ხელმძღვანელობს. ადრე ის ლევან მამალაძის საჯინიბოს უფროსი გახლდათ. დღეს კი, კუდ-ის უფროსის მოადგილეა და გარდაბანში ხელმძღვანელი-მუშაკებიც ძირითადად მისი კლანის წარმომადგენელები და, ამავდროულად, წავკისურ-ტაბახმელური დაჯგუფების წევრები არიან. ისე, ლილუაშვილი საკმაოდ გონიერი კაცია და ამ რაიონშიც განსაკუთრებული სისტემა შექმნა. აქ . მოსახლეობის დიდი ნაწილი პრობაციონერია და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ანკესზე იყო წამოგებული", - ასეთ კომენტარს აკეთებდა ლილუაშვილთან დაკავშირებით მამუკა არეშიძე საინფორმაციო სააგენტო for.ge-სთან.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments