რუსთავის საკრებულო პრემიებს შეელია და წინასაარჩევნოდ წამოწყებული პროექტების დასრულებას ცდილობს

kkpress.ge

დღეს გამართულ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გაირკვა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ეკონომიების სახით 420 ათასი ლარი დაუგროვდა. საკრებულოს საფინანსო სამსახურმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეკონომიები შემდეგი მიმართულებებიდან დარჩა: საკრებულოს აპარატიდან 120 ათასი ლარი, რუსთავის მერიის ხარჯებიდან 102 000ლ, ქალაქის სახანძრო სამსახური 28 ათასი, გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯებიდან 90 ათასი, სოციალურად დაუცველების სასურსათო პროგრამიდან 20 ათასი, წყლის შეღავათებიდან სოციალურად დაუცველთა პროგრამიდან 20 ათასი, ხოლო მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამიდან 40 ათასი.

წლის ბოლოს ბიუჯეტში 420 ათასიანი ეკონიმიის გაჩენამ საკრებულოს წევრთა ნაწილის გაოცება გამოიწვია. დაისვა კითხვა, თუ რატომ დარჩა ასეთი სერიოზული თანხები პროგრამებიდან, რომელთა ბიუჯეტი ფიქსირებული და წინასწარ გათვლილი იყო.
,, ამ ეკონომიებზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის თანახმად გაკეთდა. ვთქვათ, რუსთავის საკრებულოს 120 ათასი რაც გადარაჩა, ეს თავდაპირველად გათვალისწინებული იყო თანამშრომელთა პრემიებისთვის. ახლა ეს თანხა გადავიდა უშტატო თანამშრომელთა ანაზღაურებაზე" - საუბრობდა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი. გაურკვეველი დარჩა თუ, რამ განაპირობა რუსთავის მერიის ხარჯებიდან 102 ათასი ლარის დარჩენა. საერთო ჯამში კი ეკონომიიდან დარჩებილი თანხის უდიდესი ნაწილის - 386. 900 ლარი ააიპი ,,რუსთავის კორპუსს" გადაერიცხა.

აღნიშნული ააიპის მიმართ დღეს რუსთაველებს ყველაზე მეტი დაინტერესება და პრეტენზიაც აქვთ. წინასაარჩევნო პერიოდში ააიპი-მ ქალაქის სხვადასხვა კორპუსებში ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო და ახლა ვეღარ ასრულებს. სამუშაოები შუა გზაში მიატოვა და ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსების ნაკლებობაზე ესაუბრება.

ასევე, წინასაარჩევოდ ააიპი-ს რუსთავის საკრებულომ დაფინანსების მეთოდი შეუცვალა. თუ კორპუსების სხვადასხვა საჭიროებებისთვის წინასაარჩევნო პერიოდამდე თანადაფინანსება მოქმედებდა, საკრებულოს გადაწყვეტილებით თანადაფინანსება 100%-ით დაფინანსებით შეიცვლა. შესაბამისად ლიფტებს, სახურავებს, ძველ საკანალიზაციო სისტემებს და სხვა პრობლემებს ,,რუსთავის კორპუსი" ადგილობრივი ბიუჯეტიდან აკეთებდა.

,, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო, მხოლოდ წინასაარჩევნო სამუშაოები. ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა და აქვს უამრავი საჭიროება, რომლის მოგავრებასაც ჩვენ ვცდილობთ. შესაბამისად ახლა ,,რუსთავის კორპუსს" აქვს დაგროვილი გარკვეული ვალდებულებები და დასასრულებელი სამუშაობი, რომელსაც ამ გამოყოფილი თანხით დაასრულებს. ზოგადად, ეს პროექტი არის სოციალური ტიპის და უდიდესი მნიშნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობისთვის", - ამბობს, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე.

ადგილობრივი ბიუჯეტის სხვადასხვა საჭიროებებიდან დარჩენილი თანხები და მათი ამგვარი გადაწილება ,,უპრობლემო საკითხად" არ მიაჩნია რუსთავის საკრებულოს წევრ, ნუკრი შათირიშვილს.

,, ეს ეკონომიები არის სერიოზულად შესასაწავლი საკითხი. ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ როგორ დარჩა ასეთი სერიოზული თანხა სხვადასხვა დაგეგმილი პროგრამებიდან, რომელთა ბიუჯეტიც წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი. ასევე, საინტერესოა რატომ სჭირდება ,,რუსთავის კორპუს"-ს ასეთი სერიოზული თანხა წლის ბოლოს, როდესაც წესით ბიუჯეტით გათვლილი ყველა პროექტი უნდა სრულდებოდეს?" - კითხულობს, ნუკრი შათირიშვილი.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments