ანჯელინა ჯოლი და კოდაში მცხოვრები დევნილი ბავშვები

kkpress.ge

თეთრიწყაროს რაიონის, კოდის დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში დღეს უჩვეული დღე ჰქონდათ. ცხინვალიდან, ლიახვის და ერედვის ხეობიდან დევნილ ბავშვებს, სათამოაშოები და სასკოლო ფორმები მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ გამოუგზავნა.

კოდის კულტურის ცენტრში ანჯელინას პოსტერი გააკრეს. ბავშვები პოსტერის გვერდით ფოტოებს რიგ-რიგობით იღებდნენ. მცირე სცენაზე კი საჩუქრები დააწყვეს და ბავშვებს ანჯელინას ვიოდეო მიმართვა მოასმენინეს.

მსახიობი დევნილ ბავშვებს თანადგომას უცხადებდა და ამბობდა, რომ იმედი აქვს მათ პირადადაც გაიცნობს. ,, თქვენ გამოგზავნილ წერილებს და ნახატებს, ჩემ სამუშაო ოთახში ვინახავ. მათ ყოველდღე ვუყურებ", - საუბრობდა ვიდეო მიმართვაში მსახიობი.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,კოალიცია სამართლიანობისთვის" დევნილ ბავებთან იმუშავა. მათი ინიციატივით მოზარდებმა ანჯელინა ჯოლის წერილები და ნახატები მოუმზადეს. რაც მოგვიანებით მსახიობს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისმა გაუგზავნა.


,,მე ანჯელინას ჩემი სახლი დავუხატე. მერე მთელი სოფელი დავხატე და თვითმფრინავები", - გვიყვება 7 წლის რამაზ ქრისტესიაშვილი. ამბობს, რომ საკუთარი სოფლის დაბობვის სურათი დახატა და ანჯელინას გაუგზავნა.

მსახიობი ანჯელინა ჯოლი არის გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანი. ის მთელი მსოფლიოს მაშტაბით დევნილი და სხვადასხვა პოლიტიკური, თუ სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება.

,, ამ საჩუქრით მან გამოუცხადა თანადგომა ბავშვებს. ანჯელინა ჯოლის შეუძლია მათი გულისტკივილი გულთან ახლოს მიიტანოს. ამ შემთხვევაში კი პირველი ინიციატივა ბავშვებისგან წამოვიდა. მათ მისწერეს და გაუგზავნეს ნახატები მას. ამას კი მოჰყვა მსახიობის დაინტერესება და ეს საჩუქრები", - საუბრობს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი, სიმონე უოლკენი.

დევნილი ბავშებისთვის ანჯელინა ჯოლიმ საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან 18 000 ლარი გადმორიცხა, რითაც მოხდა ადგილობრივი საბავშო ბაღისთვის წიგნების, სათამაშოების და სასკოლო ზამთრის ფორმების შეძენა.

,, ჩვენ ორგანიაციას აღნიშნულ აქციაში მცირე ფინანსური წვლილი აქვს შეტანილი. ძირითადად, ანჯელინას ფონდიდან გამოგზავნილი თანხით მოვამზადეთ საჩუქრები. აქ, სათამაშოების გარდა 150 ბავშვისთვის ზამთრის სასკოლო ფორმა არის მოტანილი", - ამბობდა, ორგანიზაცია ,, კოალიცია სამართლიანობისთვის" ხელმღვანელი, ლია მაისურაძე.

საჩუქრების ნაწილი მსახიობის ვიდეო მიმართვის შემდეგ დარიგდა. ხოლო ნაწილი კოდის საბავშო ბაღში დარჩა. აღნიშნული ბაღი ადმინისტრაციის ინფორმაციით სავარაუდოდ, დეკემბრიდან დაიწყებს მუშაობას.

















kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments