მესაკუთრეები ბინების გაყიდვის და განკარგვის უფლების გარეშე


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

წინასაარჩევნოდ დაწყებული ,,საყოველთაო პრივატიზაციის“ შედეგი

 წინასაარჩევნოდ საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია აქტიურად მიმდინარეობდა. რუსთავში, ნიკო ნიკოლაძის №7-ში მცხოვრები ოჯახები იხსენებენ, რომ მათ საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ორდერი, არჩევნების წინა დღეს, პირადად ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძე  გადასცათ. ,, ორდერები გუბერნიის შენობაში გადმოგვცეს. ვიფიქრე, რომ როგორც იქნა მოგვარდა ჩემი საცხოვრებელი ბინის  პრივატიზების საკითხი. 

ბაზარში ვვაჭრობ და საქონელის შესაძენად თანხა დამჭირდა. მივმართე ბანკს და სესხი ვითხოვე. ერთადერთი რა ქონებაც მაქვს ეს ბინაა და ამ ბინის საკუთრების ორდერით ვითხოვდი სესხს. ბანკის თანამშრომელმა კი მითხრა, რომ არ მაქვს ამ ბინის გაყიდვის, ან სხვა სახით გამოყენების უფლება. ვეღარ გავიგეთ, მაშინ რანაირი მესაკუთრე ვარ?!  ახალ ხელისუფლებას ვთხოვთ დაგვეხმაროს“,  - საუბრობს, ნიკოლაძის №7-ში მცხოვრები, ეთერ ყაჭიაშვილი.

წინასაარჩევნოდ მის მსგავსად ბინის ორდერი, ანუ ამონაწერი საჯარო რესსტრიდან - გადაეცა ნონა არაბულს. ისიც აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რომ ბინის გაყიდვის უფლება არ აქვს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს რუსთავის იუსტიციის სახლში აკეთებენ. რუსთავის  სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი სოსო მაჩაიძე
,, რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ მესაკუთრეებს ბინის გაყიდვისთვის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა სჭირდებათ.

,, ეს ადამიანები ნამდვილად, არიან ბინების მესაკუთრეები. უბრალოდ, მათ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აქვთ გარკვეული ვალდებულებები. კონკრეტულად კი არ შეუძლიათ გამყიდველის,  ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ,, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს ნებათვის გარეშე ბინის გაყიდვა, ან მასზე სხვა რაიმე ტრანზაქციის განხორციელების უფლება“, - აცხადებს მაჩაიძე. მისი თქმით, ამის შესახებ მესაკუთრეებს ინფორმაცია წესით, უნდა ჰქონოდათ, რადგან მათსა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  შორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ,,ნებისმიერ მათგანს შეულია მოვიდეს და გამოითხოვოს  ეს ნასყიდობის ხელშეკრულება. თუმცა, მე რამდენადაც ვიცი მათ ეს ხელშეკრულებები ისედაც გადსცეს“, - დასძენს რუსთავის  სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი.

ნიკო ნიკოლაძის №7-ში მცხოვრები ეთერ ყაჭიაშვილი ამბობს, რომ უკვე ერთი თვეა წერილობით მიმართა ,, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს და პასუხი ჯერაც არ მიუღია. ყაჭიშვილი სააგენტოს ჩვენი თანდასწრებით უკავშირდება.
,, თქვენი წერილი უკვე, უფროსთან არის შეტანილი და ორშაბათს დაგვიკავშირდით“, - პასუხობენ მოქალაქეს.

აღნიშნული საცხვრებელი სახლის პრივატიზაციის თემაზე   კომენტარს მედიაში ეკონომიკის სამინისტროც აკეთებს და აცხადებს, რომ საკითხს უახლოეს დღეეში შეისწავლის.

სამინისტროსგან მესაკუთრეები აღნიშნული ბინების გაყიდვის და განკარგვის უფლებას ითხოვენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ უფლების გარეშე ისინი არ წარმოადგენენ ბინების სრულუფლებიან მესაკუთრეებს.  

Comments