არჩევნების შემდეგ ცვლილებებს რუსთავშიც ითხოვენ



kkpress.ge

,,კარჩაკეტილი“ რუსთავის საკრებულო და ,,საზოგადოებრივი დარბაზი“

რუსთავის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  ააიპი ,,საზოგადოებრივი დარბაზი“-ს ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგიტა მელიქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსთავის საკრებულო ,,კარჩაკეტილ მუშაობას“ აგრძელებს და არ ცდილობს მოისმინოს რუსთაველთა მოსაზრებები   ქალაქის ამა, თუ იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.  მელიქიძის თქმით, დარბაზი არაერთხელ ეცადა შეხვედროდა საკრებულოს წარმომადგენლებს და მათთვის თანამშრომლობის შეთავაზებას.

 ,, მოგეხსენებათ, მე საკრებულოს სხდომაზე წინადადების დაყენების  უფლება ვითხოვა და უარი მითხრეს. შესაბამისად, ვერ მოვახერხე საკრებულოსთვის იმ რეზოლუციის გადაცემა, სადაც დაბაზსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შექმნილ დაბრკოლებებზე უნდა მესაუბრა. ასევე, 30 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე, საკრებულოს ხელმძღვანელმა 2 საათით ადრე შეგვატყობინა, რომ ვერ მოდის. მაშინ, როდესაც აღნიშნული შეხვედრა ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი. ეს საკრებულოს მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯებია, რომელიც  არ უწყობს ხელს თანამშრომლობას“, - საუბრობდა, მელიქიძე.


ბრიფინგზე ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, სხვა რეგიონების მსგავსად ,,საზოგადოებრივი დარბაზი“ დააყენებს, თუ არა თვითმმართველობაში ფინანსური აუდიტის ჩატარების საკითხს -  აცხადებენ, რომ გარკვეული კითხვები არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტის  ხარჯებთან დაკავშირებით  და აუდიტის თემა  არ არის რეალობას მოწყვეტილი.

,, მოგეხსენებათ არსებობს კითხვები მერიის წინ გაკეთებულ მოედანთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ 1 მილიონ 600 000ლარი  დაჯდა  და ზოგიც გაცილებით მეტს. ალბათ, ამ საკითხებს შესწავლა სჭირდება. ასევე, საკითხავი ისიცაა რამდენად სწორად აქვს რუსთავის  საკრებულოს პრიორიტეტები განსაზღვრული. შეიძლებოდა მოედნისთვის მილიონის, ან მეტის დახარჯვა, როდესაც უმძიმესი მდგომარეობაა ინტერნატების დასახლებაში ?!“ , - კითხულობს, ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი“-ს გამგეობის წევრი, სოსო პირველი.

ააიპი ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი“ აცხადებს, რომ რუსთაველებს ცვლილებები სჭირდებათ და ეს მათ არჩევნებზე მკაფიოდ გამოხატეს. მათი თქმით, მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ არჩევნების შემდეგ ქალაქის მმართველობის მეთოდები და მიდგომები  არ იცვლება. ,,დარბაზი“ აცხადებს, რომ ეცდება საზოგადოების პრობლემები და განწობები საკრებულომდე მიიტანოს, თუმცა თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ იტყვის უარს ,,კარჩაკეტილ მუშაობაზე“ არ გამორიცხავს საზოგადოებრივი  პროტესტი მშვიდობიან აქციებში გადაიზარდოს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments