რუსთავში საკადრო ცვლილებებს, ამ ეტაპზე ,,კონსტრუქციული შეხვედრებით“ , ითხოვენ


kkpress.ge

დღეს, რუსთავის თვითმმართველობასა და ,,საზოგადოებრივ დარბაზს" შორის შეხვედრა შედგა. საკრებულოს წევრმა, ლეილა აფციაურმა,  რომელიც აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა დასაწყისშივე ,, ,,გამაფრთხილებელი განცხადება" გააკეთა.
,, სანამ აგრესიით და გარკვეული ბრაზით  ვიტყვით რამეს, ჩემი თხოვნაა ჯერ ათამდე დაითვალოთ",  - მიმართა საზოგადოებას, აფციაურმა.

,,საზოგადოებრივი დარბაზი"-ს  წევრების მხრიდან ბიუჯეტთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვების გარდა, საუბარი  ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც შეეხო. ,, რატომ არ დამეხმარეთ, რატომ ვერ დაიცავით დახურვისგან ქალაქის საუკეთესო სკოლა?!  თქვენ, ხომ კარგად იცოდით, რატომ ერჩოდნენ ამ სკოლას?!", - მიმრთავდა ,,საზოგადოებრივი დარბაზი"-ს წევრი, ელზა ლეკვეიშვილი საკრებულოს თავჯდომარეს.

 შეგახსენებთ, რომ ლეკვეიშვილის კერო სკოლა ,,მილენიუმს" ავტორიზაცია არჩევნებამდე შეუჩერეს. მიზეზი ლეკვეიშვილის მეუღლის და ბიძინა ივანიშვილის საქმიანი ურთიერთობა იყო.

საკრებულოს მიმართ კითხვები ჰქონდა  რუსთავის  მაჟორიტარული ბიუროს ხელმღვანელ, დავით მაღლაკელიძესაც.

,, მე მაინტერესებს, რატომ წერია მომავალი წლის ბიუჯეტში ნული ლარი სახურავების გადახურვის საკითხის გასწვრივ. ასევე, გვაინტერესებს, როდესაც ბიუჯეტის პროექტში წერია 100 000 ლარი გაზიფიცირებისთვის, კონკრეტულად სად განხორციელდება  ეს გაზიფიცირება?  ამას იმიტომ ვამბობ, რომ არის მარის არხის დასახლება, სადაც ეს საკითხი პრობლემურია და უნდა ვიცოდეთ შევძლებთ, თუ არა მათ დახმარებას. ასევე,  პრობლემაა უსახლკაროებთან დაკავშიურებით და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია", - საუბრობდა მაღლაკელიძე. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობა ბიუროს სთხოვს დახმრებას. მათ კი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უჭირთ.

შეხვედრაზე  კამათის საგანი გახდა, საკრებულოს წევრის მამუკა აბულაძის მედიით გაკეთებული კომენტარი.

 ,, ვითხოვთ, ბ-ნ მამუკამ ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ ,,საზოგადოებრივ დარბაზს"  თვითმმარქვია ორგანიზაცია უწოდა. ნუ, გგონიათ ბ-ნ მამუკა, რომ ცენტრალური არხებით ჩვენთვის კენჭების სროლით  ვინმეს თვალში ამაღლდებით" , - მიმართავდა, საკრებულოს წევრს ,,რუსთავის  საზოგადოებრივი დარბაზი"-ს ხელმძღვანელი, გოგიტა მელიქიძე.

რაზეც აბულაძემ განაცხადა, რომ  არ ახსოვს კონკრეტილად გამოიყენა, თუ არა ეს სიტყვა. ასევე,  ბოდიშის ნაცვლად დასძინა, რომ მისი უკმაყოფილება არა ,,დარბაზის" არამედ კონკრეტულად  ელზა ლეკვეიშვილის განცხადებამ გამოიწვია.
 ,,ქალბატონი ელზა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია. ჩემი გაღიზიანება კი იმან გამოიწვია, რომ მან არასწორი განცხადებები გააკეთა  ჩემს მიმართ. მე საზოგადოებრივი დარბაზისთვის  შეურაცხოფა არ მიმიყენებია", - აცხადებდა, მამუკა აბულაძე.

შეხვედრაზე დასმული  კონკრეტული კითხვების გარდა  დამსწრე საზოგადოების ნაწილმა  ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლის შეცვლის საჭიროებაზე ისაუბრა.

დღევანდელი  შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და მისთვის თანამშრომლობის ეს ფორმა მისაღებია. თავად ,, საზოგადოებრივი დარბაზი" კი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულო ვერ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას და მუშაობის ჩვეულ მეთოდს ,,კარჩაკეტილობას" აგრძელებს.

 ,,დარბაზის" წევრების თქმით, თუ ახლო მომავალში რუსთაველები რეალურ ცვლილებებს ვერ დაინახავენ, მათი აგრესიის ობიექტი ახალ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობაც  გახდება. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments