ხიდაშელის ინიციატივას რუსთავის თვითმმართველობაში აკრიტიკებენ


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 


4 ზეინკლისთვის ვერ მოგვიმატებია ხელფასი და ჩვენი ბაღებისთვის დამატებით საჭირო 2 მილიონს საიდან მოვიტანთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ინიცირებული   კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბავშო ბაღების გადასახადი გაუქმდება. კანონი, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულზე გავრცელდება. ხიდაშელის ინიცვიატივას თვითმმართველობისთვის ფინანსური კუთხით საფრთხის შეცველად მიიჩნევენ რუსთავის მერიაში.

ქალაქის მერის, ლაშა მინდელის და საკრებულოს წევრების განცხადებით, ბაღების გადასახადის გადახდა სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებს არ უნდა დაეკისროს, რადგან თვითმმართველას ამ ინიციატივისთვის წინასწარ გათვლილი ხარჯები არ აქვს.

,, მე, ცხადია, არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ საბავშო ბაღები უფასო იყოს, მაგრამ ხომ უნდა  ვიცოდეთ ეს რომელი  ფინანსებით მოხდება. თუ იტყვიან, რომ ეს იდეა ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა დააფინანსონ ჩვენ სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. აგერ, 4 ზეინკლისთვის ვერ მოგვიმატებია ხელფასი და ჩვენი ბაღებისთვის დამატებით საჭირო 2 მილიონს საიდან მოვიტანთ? ალბათ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებ იყო, უნდათ   თბილისის მერიას თანხები სხვა მიმართულებით დაახარჯინონ..საერთოდ ქვეყანას პოპულიზმი ღუპავს გინდა აქედან იყოს და გინდ იქიდან..“, - აცხადებდა, რუსთავის მერი, ლაშა მინდელი.
საბავშო ბაღების თემა კითხვებს უჩენს საკრებულოს  ქრისტიან-დემოკრატ წევრ, ალექსანდე ახვლედიანსაც. მისი თქმით,  ინიციატივა მისასალმებელი და ჰუმანურია, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტები მის დაფინანსებას ვერ შეძლებენ.  

,, რუსთავში სულ 21 საბავშო ბაღი გვაქვს.  გარწუმენთ, რომ  ამ დაწესებულებაში 1/3-ით  მეტი ბავშვია მიღებული ვიდრე ეს არსებული ინფრასტრუქტურის პირობებშია შესაძლებელი. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდეგ,  რუსთავში სულ ცოტა 4 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გახდება ასაშენებელი.

სამწუხაროდ, ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც შვილი სწორედ, უფულობის გამო ვერ მიჰყავს საბავშო ბაღში. ბავშვების რაოდენობა სკოლამდელ დაწესებულებებში, ახლა თუ  5 000-მდეა, ამ კანონის მიღების შემდეგ ეს ციფრი  გაიზრდება. ასეთ ინიციატივებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მივესალმები დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან სჭირდება“, - საუბრობდა, ახვლედიანი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მამუკა აბულაძემაც გააკეთა. აბულაძის თქმით, ასოციაცია  შეისწავლის ხიდაშელის კანონპროექტს და იმ შემთხვევაში, თუ ბაღების გადასახადის გადახდა სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებს დაეკისრებათ, ამ საკითხზე რეაგირებას მოახდენს.

ის, რომ ხიდაშელის კანონპროექტი ადგილობრივ ბიუჯეტებს გეგმებს შეუცვლის ცალსახაა. კანონპროექტის დასაბუთების ბარათში ვკითხულობთ: ,, კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა გავლენას მოახდენს ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე“.

უმრავლესობის წევრის ინიციატივის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში ,, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“  შევა.

დღეს, რუსთავში სკოლამდელი აღზრდის გადასახადი 60 ლარს შეადგენს, აქედან თანხის ნახევარს ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის. წელს რუსთავის საბავშო ბაღებისთვის განკუთვნილი თანხა  2  107 090 ლარს შეადგენს. ბაღების საკითხი რუსთაველებისთვის პრობლემური თემაა, რადგან ქალაქში მათი სიმცირის გამო ხშირად, სკოლამდელი ასაკის ბავშვი საბავშო  ბაღის გარეშე რჩება.

 ,, თუ აღნიშნული ინიციატივის შედეგად ჩვენ დაგვეკისრება ბაღის გადასახდის სრულად გადახდა, მოგვიწევს ამისთვის 2 მილიონი ლარის მოძიება.  რაც არ ვიცი, რომელი პროგრამის ხარჯზე უნდა მოხდეს. ავდგებით და  ჩვენ პროგრამებს ამ კანონის ინიციატორებს მივუტანთ და თვითონ გვითხრან,  რომელი სოციალური, თუ სხვა სახის ხარჯები შევამციროთ“, - საუბრობს, რუსთავის მერი, ლაშა მინდელი.  

Comments