მარნეულის და გარდაბნის გამგეობაში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები გამოცხადდება


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაიონულ თვითმმართველობებში ცვლილებები მალევე დაიწყო. ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტიდან გამგებელი, მოადგილეებითურთ  ოთხ რაიონში  შეიცვალა. ახალ გამგებელს  სიახლეებიც მოჰყა,  გამგეობის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მარნეულის გამგებლის ახლადდანიშნული მოადგილე,  თამაზ ენუქიძე გვიხსნის, რომ დაახლოებით 10 დღეში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს გამოაცხადებენ.  

 ,, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან შეხვედრა  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ.  შევთანხმდით, რომ მათი უშუალო  ჩართულობით შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც შეარჩევს  კვალიფიციურ კადრები. მოგეხსებათ, 2010 წლიდან საჯარო სამსახურში პირის მისაღებად კონკურსის გავლაა აუცილებელი.  ცხადია, ამ კონკურსში მონაწილეობის საშუალება ძველ თანამშრომლებსაც ექნებათ. ამ ფორმით მივიღებში გამგეობის მთავარ სპეციალისტებს, სპეციალისტებს და ხელშეკრულებით მომუშავე პირებს“, - საუბრობს ენუქიძე.  

თავად მას ახალ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსი არ გაუვლია. გვიხსნის, რომ გამგებლის მოადგილეები და გამგეობის სამსახურის თანამშრომლები პირდაპირი დანიშნვის წესით ინიშნებიან და კონკურსი  მათთვის სავალდებულო არ არის.

ენუქიძე, რომელიც წინასაარჩევნოდ ,,ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბს ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ არ იგეგმება გამგეობის ყველა სამსახურის ხელმძღვანელის გაშვება. ,, ის ადამიანები, რომლებიც ვხედავთ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და კარგად მუშაობენ, თავიანთ ადგილებზე დარჩებიან“, - დასძენს, მარნეულის გამგებლის მოადგილე.

არაოფიციალური ინფორმაციით დღეისთვის წასვლის შესახებ განცხადება  მარნეულის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს აქვს დაწერილი. ,, ყველას, არა მაგრამ ზოგიერთებს აქვთ დაწერილი წასვლის გაცხადება. ეს მათი გადასაწყვეტია“, - თემაზე მცირე კომენტარს მარნეულის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული გამგებელი, პაატა აბრამიშვილი აკეთებს.

მარნეულის მსგავსი პროცესები ვითარდება გარდაბნის რაიონშიც. საკრებულოს ახლად არჩეული თავჯდომარე გვიხსნის, რომ თანამშრომლების მისაღებად თებერვალში კონკურსი გამოცხადდება. ,,ჩვენ გამგებელსაც და გამგეობის თანამშრომლებსაც კონკურსის წესით ავირჩევთ. მასში მონაწილეობის უფლება ძველ თანამშრომლებსაც ექნებათ. მე არ ვაპირებ კადრების პარტიული ნიშნით შერჩევას“,   - ამბობს, გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი.

თავად ონიანი გარდაბნის საკრებულოს წევრი გახლდათ. არჩევნების შემდეგ მან ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ დააფუძნა. შემდეგ,  მალევე საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ის თავჯდომარედ აირჩია. 

Comments