მარნეულში რაიონის 2013-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იმსჯელეს


KKPRESS.GE

დღეს, მარნეულის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა,  რაიონის სტრატეგიული განვითარების გეგმასთან დაკავშირებით,  შეხვედრა გამართა. ღონისძიებას  ადგილობრივი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციათა მცირე ნაწილი და ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულიასოციაციის" წარმომადგენელი, კახა გურგენიძე ესწრებოდა.

სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად გამოიკვეთა მარნეულის პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების  საკითხს დაეთმო. ,,თანმიმდევრული   სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც ნიშნავს:

  • სახელმწიფოს ცენტრალურ და რეგიონული ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებითა და კონსულტირებით მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განსაზღვრას.
  • მონაცემთა ბაზის შექმნას და მის სისტემატურ განახლებას სოფლის მეურნეობის დარგებისა და სფეროების მიხედვით
  • მიწის პრივატიზაციის დასრულებასა და მიწის დამუშავების ხელშეწყობას
  • სასოფლო სამეურნეო ტექნიკასა და დაბალპროცენტიან სესხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას
  • სარწყავი სისტემის გამართულ და ეფექტურ მუშაობას
  • ნიადაგის გაკულტურებას, რაც შესაძლებელს გახდის მოსავლიანობის მნიშვნელოვან ზრდას", -ვკითხულობთ სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში.
სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2013-2017 წლებს მოიცავს, საჭიროა ასევე გამგეობაში მომუშავე პირთა საქმიანობის და კვალიფიკაციი შესწავლა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური საკონკურსო პირობები, რომლის გავლითაც შეირჩევიან თანამშრომლები.

 ,, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში თვითმმართველობები ვერ ჩამოყალიბდა -  მე კი ვფიქრობ, რომ მართალია არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა არის სერიოზული წინსვლაც. დღეს, თვითმმართველობებს კრიტიკის ნაცვლად თანადგომა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა სჭირდება.  ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თვითმმართველობა, არის მოსახლეობასთან  ყველაზე ახლოს მდგარი რგოლი", - საუბრობდა, ,, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" წარმომადგენელი, კახა გურგენიძე.

დამსწრე საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა ის გარემოება, რომ მათი თქმით სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მოქალაქეები არ იყვნენ ჩართული.

,, აღნიშნული გეგმა დამტკიცებულია მარნეულის საკრებულოს მიერ. შემდგომი ეტაპი არის უკვე, სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩვენ პრიორიტეტების განსაზღვრისთვის საჭირო ყველა მონაცემი, უკვე შევაგროვეთ და მზად ვართ სამოქმედო გეგმის შესადგენად", - აღნიშნავდა, მარნეულის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსხაურის მთავარი სპეციალისტი, ირმა მაჭარაშვილი.

მარნეულს  ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს ,, განვითარების სტრატეგიული გეგმა"  წარსულში არ ჰქონდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტს ყველა პროექტისა, თუ რაიონისთვის მაშტაბური სხვა აქტივობების დაგეგმვა  აღნიშნული გეგმის მიხედვით მოუწევს.

 
 

მასალა მომზადებულია ,,ააიპ ქვემო ქართლის პრესა - KKPRESS" პროექტის ფარგლებში: ,, ადგილობრივი მედია თვითმმართველობის გამჭვირვალე მუშაობისთვის"

KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments