,, რა, სულ უარყოფითი კითხვები გაქვთ?!“ - შსს წარმომადგენელი ჟურნალისტს


KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი"-ს ინიციატივით შსს-ს წარმომადგენლები საზოგადოებას შეხვდნენ. ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზაზა ლიპარიშვილმა და რუსთავის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელმა, იოსებ სიგუამ რუსთავში და რეგიონში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, რეგიონში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, ასევე გაიზარდა გახსნილ დანაშაულთა რაოდენობა. იოსებ სიგუას ინფორმაციით გასულ წელს იანვრის თვეს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 1.68%-ს, შეადგენდა,  წელს კი 20.75%-ია.

სამართალდამცავების თქმით, რეგიონში ძირითადად,  წვრილმანი დანაშაულები ხდება და მათი დიდი ნაწილის გახსნა ცხელკვალზე ხერხდება.
მცირე მოხსენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ, რომელთა შორისაც ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან ერთად მედიის  და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ - კითხვები დასვეს.

,, მშობლებს აქვთ გარკვეული შიში ახალგაზრდების  ღამის საათებში გარეთ გაშვებისას.  ეს შიში ნაწილობრივ ამნისტიამაც გამოიწვია და ალბათ, სხვა კრიმინალურმა ფაქტორებმა... რა შეგიძლიათ ამ ადამიანებს უთხრათ, როგორ დაამშვიდებდით?", - მიმრთავდა სამოქალაქო სექტორი, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზაზა ლიპარიშვილს. 


კითხვის მოსმენის შემდეგ  ლიპარიშვილმა გაოცება ვერ დამალა. ,,პირველად მესმის, რომ საზოგადოებაში ასეთი შიში არსებობს. ეს რაღაც ჭორებს აყოლილი ინფორმაციაა", - პასუხობდა შსს წარმომადგენელი.  

ასეთივე  პასუხი ჰქონდა მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო"-ს ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის დასმულ კითხვაზე. დევდარიანმა საზოგადოებაში არსებულ არაოფიციალურ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე უკვე თავისუფლებაზე მყოფ ამნისტირებულ პირს ქვეყნის დატოვებას აიძულებენ. ,, ეს რაღაც ჭორია, ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - პასუხობდა, ლიპარიშვილი. 

მსგავსი რეაქცია ჰქონდა მას ჩვენს დასმულ კითხვებზეც. ,, არის, თუ არა ნოემბრის თვიდან დღემდე, რომლიმე სამართალდამცავის მიმართ სამართლებრივი დევნა დაწყებული? არიან, თუ არა რიგითი თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გადაცდომებში შემჩნეულნი?", - ამ კითხვაზე ლიპარიშვილი გვპასუხობდა, რომ ასეთი ფატი არ აქვთ, თუმცა როდესაც ვახსენეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო ინფორმაციის მისაღებად ჩვენ უკვე, მივმართეთ პროკურატურას,  ლიპარიშვილმა განაცხადა, რომ არ ახსოვს არის, თუ არა მსგავსი ფაქტი  და მასზე კომპეტენტური ამ საკითხში პროკურატურა იქნება.

საუბრისას ლიპარიშვილისგან განსხვავებით,  რუსთავის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელმა, იოსებ სიგუამ განაცხადა,რომ მსგავი ფაქტი რუსთავის პოლიციაში არ დაფიქსირებულა.

ჩვენ კითხვაზე იცავენ, თუ არა სამართალდამცავები საჭირო პროცედურებს პირის დაკავებისას,  შსს-ს წარმომადგენლები გვპაუსხობდნენ, რომ იცავენ და გადაცდომებს ადგილი არ აქვს. თუმცა ჩვენ დავუსახელეთ 14 თებერვალს რუსთავში მოქალაქე ლ. ჯ დაკავების ფაქტი, სადაც ჩვენთან საუბარში პოლიციის  მიმართ უკმაყოფილებას,  პირის მეზობლები გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ  მათ მიმართ სამართალდამცავები არაეთიკურად იქცეოდნენ.

,, რა,  სულ უარყოფითი კითხვები გაქვთ?!  ასე ვინ რას იტყვის არ ვიცი, მოვიდნენ ეს ქალბატონები ჩვენთან და პირობას გაძლევთ შევისწავლით ფაქტს", - გვპასუხობდა, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.  მათ სურვილი გამოთქვეს მიეცეთ საშუალება დაათვალიერონ პოლიციის განყოფილებები და გაეცნონ სამართალდამცავთა მუშაობას.  რაზეც მოწვეული შსს-ს წარმომადგენლებისგან თანხმობა მიიღეს.


KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით



Comments