შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება


KKPRESS.GE

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო" იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც დეტალურად შეისწავლა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ,,შრომით კოდექსში"  შესატანი ცვლილებების ვარიანტი.


არსებული   შრომითი კოდექსის მიხედვით ,, დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია იკრძალება მხოლოდ შრომითი ურთიერთობების დროს". იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კი დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია იკრძალება არამარტო შრომითი ურთიერთობების დროს (მუშაობისას), არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროსაც.

,, მისასალმებელი ფაქტია, რომ კოდექსით მოხდება არა მარტო დასაქმებულის დაცვა დისკრიმინაციისგან, არამედ დასაქმების კანდიდატისაც", - ვკითხულობთ, „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო"-ს შეფასებაში.

რაც  შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას, არსებული კოდექსით   სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა 41 საათია, თუმცა დაშვებულია მხარეების შეთანხმებით დროის უფრო მეტი ხანგრძლივობის განსაზღვრა. ასევე არ არის ლიმიტირებული არასრულწლოვანთა შრომის ხანგრძლივობა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად კი სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. ასევე შეიზღუდა 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა და შრომის მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და იგი არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს კვირაში. ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს კვირაში.

აღნიშნულ ცვლილებაზე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს სამოქალაქო სექტორი. ,, ამ ცვლილებით შრომით ხელშეკრულებაში იმპერატიულად იკრძალება სამუშაო დროის კვირაში 41 საათზე მეტის დაწესება, რამაც შესაძლებელია პრობლემები შეუქმნას როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს, რომელიც თანახმაა აღნიშნულ დროზე მეტი იმუშაოს და შესაბამისად მიიღოს მეტი ანაზღაურება. უდაოდ დადებითი ცვლილებაა არასრულწლოვანთა შრომის საათების შეზღუდვა", - რეკომენდაციას იუსტიციის სამინისტროს „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო" აძლევს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 


Comments