პიკეტირებული გარდაბნის გამგეობა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნები



გარდაბანში, უკვე მეორე დღეა გამგებლის შეცვლას და სოფელ ლემშვენიერას სათიბი მიწების  პრობლემის  მოგვარებას ითხოვს. გარდაბანში აქციაზე ლემშვენიერადან ჩამოსულების თქმით, მათ სათიბების პრივატიზების  საშუალება არ მისცეს, მაშინ როდესაც მათ ნაცვლად  ეს მიწები ,,ბურებს" მიჰყიდეს.

 ,, მე ვერსად ვერ წავალ, ის ჯოხი წაგვართვეს, რაზეც  ვიყავით დაყრდნობილი. ჩვენ მიწა წაგვართვეს და არსებობის საშუალება არ გვაქვს! ", - მიმართავდა გარდაბნის გამგეობასთან მდგარი აქციის მონაწილე  პოლიციელს.

სამართალდამცავები  გამგეობის წინ კოლიდორის გაკეთებას  უშედეგოდ ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე 50-მდე პოლიციელი მუშაობდა -  სამი საათის განმავლობაში გამგეობა პარალიზებული იყო. აქციის მონაწილეები არც ერთ  თანამშრომელს შესვლის, ხოლო უკვე, გამგეობაში მყოფებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

,, ჩვენი მიწების პრობლემა პირდაპირ კავშირშია გამგებლის საკითხთან. უკვე, 6 თვე გავიდა რაიონში არაფერი იცვლება. გვყავს იგივე გამგებელი და ხელისუფლება, რომელმაც ლემშვენიერას სათიბები გაუყიდა. უნდა დადგეს  ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მოვითხოვთ ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს იმ საქმეებით რაც ამ ხალხს აქვს გაკეთებული"  - საუბრობდა აქციის მონაწილე, ლელა გოგოჭური.

გამგეობასთან ასამდე მოქალაქე 7 საათის  განმავლობაში იდგა. ითხოვდნენ მათთან სიტყვით გარდაბნის ახლად არჩეული საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი გამოსულიყო. თავად ონიანმა კი მოსახლეობასთან გასვლა არ ისურვა და მასთან სასაუბროდ მისულ მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ გამგებლის საკითხს ის ,, ვერ მოაგვარებს"  და ითხოვა, რომ მისთვის ყოველდღიური საკითხებზე მუშაობის საშუალება მიეცათ. ,, მომეცით საქმის კეთების საშუალება. ვაზიანში სახლებს სახურავი აღარ აქვს, საქმეა გასაკეთებელი.."- ამ სიტყვებით ონიანი  გამგეობაში შესულ აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფს  მიმართავდა.  

გამგეობისთვის  პიკეტირების მოხსნა, აქციის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ  მოხერხდა.  მაშინ როდესაც ქვემო ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნები გამოჩნდნენ. მოსახლეობას უხსნიდნენ, რომ აქციის გამართვას, არავის უშლიან, თუმცა პიკეტირების და გამგეობისთვის მუშაობის ხელისშეშლის საშუალებას ვერ მისცემენ.

პიკეტირების მოხსნის შემდეგ აქციის ორგანიზატორები და ,,ქართული ოცნების" აქტივისტები თბილისში გაემართნენ.  მოგიანებით კი აქციაზე მოსულებმა განაცხადეს, რომ საკითხი ,,შესაბამის პირებთან" გააარკვიეს და მათი სოფლის პრობლემა და გამგებლის საკითხიც მოგვარდება.

,, ლემშვენიერას მიწების საკითხზე საქმე პროკურატურაში შევა და ყველაფერი გაირკვევა.   რაც შეეხება გამგებელს  მის არჩევას გარკვეული პროცედურები სჭირდება და ეს ერთ და ორ დღეში ვერ  მოხდება. ჩვენ ,,ქართული ოცნება", როგორც გამარჯვებული პარტია დავაყენებთ საკრებულოს წინაშე ჩვენ კანდიდატს და ყველაფერი კარგად იქნება", - მიმართავდა  ,,საიდუმლო" შეხვედრიდან დაბრუნებული, აქციის ერთ-ერთი  ორგანიზატორი, ,,ქართული ოცნების" წევრი, მარინა პირველი შეკრებილებს.

მისი მიმართვის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. მათი თქმით,  რამდენიმე დღეში არსებით ცვლილებებს ელიან, თუ შედეგს ვერ ნახავენ  კვლავ შეიკრიბებიან და ამ შემთხვევაშო გამგეობის პიკეტირება, არა რამდენიმე საათი,  არამედ საჭიროების შემთხვევაში დღეებიც  გაგრძელდება.

პ.ს აქციის ფოტორეპორტაჟი იხილეთ kkpress.ge-ს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე

მსგავს თემაზე: აქციის პირველ დღე - ლემშვენიერა სათიბი მიწების პრობლემის მოგვარებას და ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ითხოვს

http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=707&mid=1

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments