,,სტალინური სიები საქართველოზე“



,,სტალინური სიები საქართველოზე" - ამ სახელწოდების გამოფენას რუსთავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენის ინიციატორი და ავტორი ,, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტია".  ეროვნული არქივიდან და პირადი ძალისხმევით მოძიებული მასალები,  საქართველოს 1937-38 წლების რეპრესიებს ასახავს. გამოფენაზე გარდა რეპრესირებული პირების და მათი ოჯახების ცხოვრებისა  - გამოქვეყნებულია მასალები,  სადაც ჩანს ვინ  და როგორ იღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული ადამიანის გადასახლებისა, თუ დახვრეტის თაობაზე.  ვხედავთ  3 000-ზე მეტი ადამიანის გვარს, რომელთა სიის ბოლოს მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაზე დასტურს პირადად სტალინი აწერს ხელს.


ასობით ახალგაზრდა სისტემის სამსახურში მყოფი გამომძიებელი თავად გახდა რეპრესიის მსხვერპლი და დახვრეტამდე გაიარა  სწორედ ის  ,,არაადამიანური ტანჯვის" გზა,  რაც  გაიარეს წარსულში სხვა ადამიანებმა მათი ძალისხმევით.   ასეთი ბედი ეწია გამომძიებელ დავით ბაგრატიონს. უკვე, მაშინ როდესაც თავად ხდება თავისუფლებააღკვეთილი და აწამებენ სასურველი ჩვენების მისაღებად,  არქივში შემორჩენილ მასალებში დაწერს, რომ ეს არის ჩვენება, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად მისცა.

გამოფენაზე რეპრესირებული მშობლების შვილების წერილებიც გვხვდება. იმისთვის, რომ თავად არ გახდნენ რეპრესიის მსხვერპლნი წერენ, რომ მათ მშობლებს ქვეყნის მოღალტეებად თვლიან და მათზე უარს ამბობენ. ასევე ასობით წერილია, სადაც ჩანს, რომ ადამიანები  საკუთარი მამების  ბედის გასაგებად  უშედეგოდ მიმართავენ ხელისუფლებას. ვკითხულობთ შვილების წერილებს, სადაც მთავრობას წერენ, რომ მხოლოდ ის აინტერესებთ მათი მამა ცოცხალია თუ არა. არც ერთ ამ წერილზე პასუხი გაცემული არ არის, თუმცა გამოფენის ავტორებს მოძებნილი აქვთ დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ადამიანები ვის ბედსაც ახლობლები კითხულობენ იმ დროს უკვე, დახვრეტილები იყვნენ.


,, ამ გამოფენის მიზანია, რომ კიდევ დამატებით მოგროვდეს ინფორმაცია რეპრესირებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. საბოლოოდ ეს ინფორაცია შეიკვრება და წიგნი გამოიცემა.  დიდი სურვილი გვაქვს  ახალგაზრდები მაქსიმაურად ჩაერთონ ამ ღონისძიებაში. მათთვის სპეციალური კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული გამოფენის მასალების გამოყენებით  უნდა მოამზადონ საკონკურსო მასალები რეპრესიების თემაზე. ნამუშევრები  26 მარტამდე მიიღება და გამარჯვებული 28 მარტს გამოცხადდება.




Comments