მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე შვილის ბიზნესს ლობირებს?


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის, ვანო ბურნაძის გვარი რაიონში მოქმედი ერთადერთი მაუწყებლის ,,მარნეული ტვ“-ის პრობლემას დაუკავშირდა.

აღნიშნულ ტელევიზიას სიხშირის გამოყენებაზე ხელშეკრულება სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ აღარ გაუგრძელა. დღეს ტელევიზიამ ალტერნატივა იპოვა და სიხშირის მისაღებად ხელშეკრულება ,, სტერეო +“-თან დადო, თუმცა 7 მარტს გამართულ მარნეულის საკრებულოს სხდომაზე ტელევიზიის მარნეულის საკრებულოსთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება ,,ქვემო ქართლის ტელევიზიამ“ და შპს ,,მარნეულის ტელევიზიამ“ მოითხოვეს.

საქმე იმაშია, რომ ,, მარნეული ტვ“, უკვე 7 წელია სატაელევიზიო მომსახურებას უწევს თვითმმართველობას და შესაბამისად გარკვეულ თანხებს იღებს მათგან. ამ ხელშეკრულების გაუქმება და საკუთარ კომპანიასთან დადებას ითხოვს,  2013 წლის თებერვალში შექმნილმა  შპს ,,მარნეულის ტელევიზია“, რომლის დირექტორიც, მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის შვილი, ზურაბ ბურნაძეა.

 აღნიშნული შპს-ს დამფუძნებელი კი ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ აქციების საკონტროლო წილის მფლობელი, როლანდ მგალობლიშვილია.

საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს შვილის ბიზნესის ლობირებაში კი ,,მარნეულის ტვ“-ის დირექტორი, შალვა შუბლაძე ადანაშაულებს. მისი თქმით, საკრებულოს თანამდებობის პირი საკუთარი ვაჟის ბიზნესს საკრებულოს ბიუროზე 6 მარტს აქტიურად ლობირებდა.

,, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიოროს სხდომა  გაიმართა, სადაც საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ვანო ბურნაძე პირდაპირ უწევდა ლობირებას იმ შპს-თვის თანხების გადარიცხვას, რომლის დირექტორიც მისი შვილია. უკაცრავად, მაგრამ ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი? შეიძლება საკრებულოს მაღალი  თანამდებობის პირმა ბიზნესს ლობირება გაუწიოს, თან ისეთს სადაც საკუთარი შვილის ინტერესებიცაა?!", - კითხულობს ,,მარნეული ტვ"-ის დირექტორი, შალვა შუბლაძე.

,,რეზონანსთან“ საუბარში კი თავად ბურნაძე ლობირების მომენტს უარყოფს. ,, მე არ ვარ ტელევიზიის საკითხებში სპეციალსტი. მოვიწვევთ იურისტებს და თვითონ განსაზღვრავენ რა გადაწყვეტილება არის კანონიერი, რაც შეეხება ჩემი შვილის ლობირებას ეს ასე არ არის. მე მას არ ვუწევ ლობირებას, ის არის ცალკე პიროვნება და მის გადაწყვეტილებაში მე ვერ ჩავერევი", - საუბრობდა ბურნაძე.

ბურნაძე აღნიშნულ საკითხში ჩარევის უფლებას საქართველოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  ორგანული კანონის 32-ე მუხლიც არ აძლევს. აღნიშნული მუხლის მიხედვით საკრებულოს წევრს (ასევე მოადგილეს დ ასხვა თანამდებობის პირს) ეკრძალებათ აღნიშნული სტატუსის პირადი ინტერესისთვის გამოყენება.

 ,, საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს“, - ვკითხულობთ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში.

Comments