,,პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს“- ალასანიას პარტიის მთავარი მესიჯი


KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის მუნიციპალურ თეატრში  პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ქვემო ქართლის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით პარტიის რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის ხელმძღვანელები გამოვიდნენ. "თავისუფალი დემოკრატების" თქმით, უკვე დაიწყეს მზადება პარტიის წალკის რაიონული ორგანიზაციის შესაქმნელად.  

ალასანიას  პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოჩა ომაიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად კოალიციის გამარჯვებისა  მაინც ოპოზიციურ რეჟიმში უწევთ მუშაობა, რადგან რუსთავში არსებითად არაფერი შეცვლილა. მისი გარდაბნელი კოლეგა, ტარიელ ჯანხოტაშვილი კი აცხადებდა, რომ დროა დასრულდეს რაიონში ,, კირკიტაძისა და ლილუაშვილის ბოგინი".

პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" თავჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართა. ქადაგიშვილის თქმით, პარტია იწყებს რაიონული ორგანიზაციების გააქტიურებას და მათგან ახალ იდეებს ელის. ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლებაში  მოსვლაზე არანაკლებად რთული მისი შენარჩუნება და ხალხისთვის მიცემული  დაპირებების  შესრულებაა. ,,აქვე მინდა  საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვისაუბრო. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ საპარლამენტო მმართველობისკენ, რაც ძალიან კარგია. შესაბამისად,  გვეყოლება სახალხო მმართველობა და  პრეზიდენტი შეზღუდული, მაგრამ ქვეყნისთვის მაინც ძალიან საჭირო ფუნქციებით.

პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით კრიზისის  შექმნის მომენტში გამოიყვანს ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებშიც პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის აუცილებად ხალხის პირდაპირი ნდობით უნდა იყოს არჩეული. პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს", - საუბრობდა,  ირაკლი ქადაგიშვილი.



Comments