ბოლნისის და გარდაბნის საკრებულოების „ copy-paste “-პრინციპით მიღებული დადგენილება


KKPRESS.GE

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვემო ქართლის რაიონებში გამგებლები და საკრებულოს თავჯდომარეები გადაირჩიეს. ამის შემდეგ რაიონულმა საკრებულოებმა  ,,საჯარო სამსახურის კანონში" შეტანილი ცვლილების თანახმად, თვითმმართველობაში მომუშავე საჯარო მოხელეთა საატესტაციო კონკურსზე დაიწყეს  ზრუნვა. მიიღეს შესაბამისი დებულებები. 

ვცდილობთ გავარკვიოთ,  თვითმმართველობების მიერ მიღებული დებულებების თანახმად, რამდენადაა შესაძლებელი საკონკურსო-საატესტაციო პროცესი ობიექტურად წარიმართოს. გარდაბნის საკრებულოს მიღებული №5 დადგენილების მიხედვით გაირკვა, რომ აღნიშულ რაიონში საკონკურსო პროცესს ერთიდაიგივე ორგანოს საკრებულოს მიერ არჩეული -  საკონკურსო და ,,საპრეტენზიო კომისია" განსაზღვრავს.


დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს საკონკურსო-საატესტაციო პროცესი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხზე, ბოლნისის და გარდაბნის საკრებულოებს სიტყვა-სიტყვით ერთნაირი დადგენილებები  აქვთ მიღებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გარდაბნის მიღებული დადგენილება: ,,  მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის" შესახებ №5-ია, ხოლო ბოლნისის №40.

,, მე ვერ გეტყვით, რატომ გვაქვს ჩვენ და გარდაბანს ერთნაირი დადგენილება მიღებული. ზოგადად კი  გეტყვით, რომ ყველა თანამშრომელი მიესალმება აღნიშნული კონკურსის ჩატარებას და იმედი აქვს, რომ შეფასება სამართლიანი იქნება", - გვპასუხობს, ბოლნისის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო კომისიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ გოგოლაძე. კითხვაზე, რომელმა მუნიციპალიტეტმა, რომლისგან დააკოპირა დადგენილება პასუხი არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ დოკუმენტის მიღების დროს, აღნიშნული დადგენილება გარდაბანზე ადრე ბოლნისს აქვს მიღებული..

იმის გათვალიწინებთ, რომ საკრებულოებს ინდივიდუალური მუშაობის შედეგად არ აქვთ აღნიშნული დადგენილება მიღებული,  ორივე  მათგანში საკონკურსო და ,,სააპელაციო კომისიის" საკითხი ერთნაირადაა გადაწყვეტილი. გარდაბნის მსგავსად ბოლნისშიც საკონკურსო და ,, საპრეტენზიო კომისიას" საკრებულო აკომპლექტებს.

,, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო და „ საპრეტენზიო  კომისიას"  ორივეს საკრებულო აკომპლექტებს, აღნიშნულ კომისიებში ერთიდაიგივე პირები არ შეიძლება შევიდნენ. ასევე ორივე კომისიაში, კომისიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შევიდნენ პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და მოწვეული პირები", - ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს, ბოლნისის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო კომისიის ხელმძღვანელი.

ბოლნისისა და გარდაბნის საკრებულოების მიერ ერთმანეთისგან „ copy-paste " პრინციპით მიღებული დადგენილების მიხედვით საკრებულოს თავჯდომარეს შეუძლია გახდეს საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავჯდომარეც. აღნიშული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელებმა, უკვე, გამოიყენეს ეს უფლება და ხელმძღვანელობენ საკონკურსო კომისებს.

თითოულ მათგანს დადგენილების თანახმად,  კონკურსიის ჩატარების  დროის განსაზღვრა კომისიის ხელმძღვანლთან შეთანხმებით ევალება. ამ შემთხვევაში, რადგან თავად არიან აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელები, კონკურსის ჩატარების დროს საკუთარ თავს  შეუთანხმებენ. 

Comments