„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ VS შსს-ს მინისტრის ბრძანება №39



შსს-ს  მინისტრის №39 ბრძანებამ სამოქალაქო სექტორის ყურადღება მიიქცია. აღმოჩნდა, რომ თანამდებობაზე დანიშვლის შემდეგ,  ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო საკითხების მარეგულირებელი წესები დროებით შეცვალა. ბრძანების თანახმად 2013 წლის 25 იანვრიდან- 31 მარტის ჩათვლით შესაძლებელი გახდა,  მოქალაქის  პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნა,  ან დაწინაურება.

ბრძანების თანახმად, შესაძლებელი გახდა დროებით  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის,  ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება.

მინისტრის აღნიშნულ ბრძანებაზე საზოგადოებას ყურადღება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ  მიაპყრო. სწორედ, აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეისწავლა მინისტრის №39 ბრძანება და სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავის საკითხების მიმართ.  ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ბრძანება ნეპოტიზმის რისკებს შეიცავს და ქმნის საფრთხეს  სამინისტროში  თანამდებობებზე  არაკვალიფიციური  კადრები აღმოჩნდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიესალმება სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაჩქარევმა ქმედებებმა ზიანი მიაყენოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესს ან არ მიიყვანოს რეფორმა დადებით შედეგამდე. პოლიციელთა სწავლების პროგრამა რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ პოლიციის რეფორმასთან ერთად უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამების განახლებაც. აღნიშნული პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ზიანი არ მიადგეს სამინისტროს საქმიანობის ხარისხს, საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები ან ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე რეფორმის მიმართ, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და არ მოხდეს თანამდებობისთვის შეუსაბამო პირების სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში ჩარიცხვა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

აღნიშნული ბრძანების შესახებ განმარტებებს შსს ორგანიზაციისთვის საპასუხოდ მიწერილ წერილში აკეთებს. სამინისტრო ბრძანების საჭიროებას  შსს-ში მიმდინარე რეფორმებით და პატრულირების ზონის ზრდით ხსნის.  ასევე უთითებს, რომ აღნიშნული გამოწვევების გამო საჭირო გახდა  მაქსიმალურად სწრაფად ახალი კადრების მიღება, რასაც გარკვეულ წილად არსებული შეზღუდვენი და მოთხოვნები აფერხებდა. შსს აცახდებს, რომ მიღებულ კადრები გადამზადების კურსებს გაივლიან.


Comments