გარდაბანში ასურელებს "ხაბ-ნისანი" მეგრული სიმღერით მიულოცეს


KKPRESS.GE

ასურელებმა გარდაბანში "ხაბ-ნისანი" - ახალი წლის მოსვლის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს. გარდაბნელ ასურელებს მცხეთის რაიონიდან ჩამოსული ასირიელებიც (ასურები, აისორები) შეურთდნენ. გარდაბნის კულტურის სახლის სცენაზე ასურულ ანსამბლებს ქართული ფოლკლორული ჯგუფები ცვლიდნენ. ,, ჩვენ მცხეთიდან ჩამოვიდეთ, აქ უკვე მეორედ ვართ. ანსამბლ ,,ნინევრიას" წარმოვადგენთ და  დღეს  ტრადიციულ ცეკვებს შევასრულებთ", - საუბრობდა, ანსამბლის წევრი, მაია ხინძაევა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკატერინე ბიტკაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე და ასურელების შესახებ  გვესაუბრა.  ,, ასურელები, საქართველოში მათზე განხორციელებული გენოციდის გამო, მე-18 საუკუნეში ჩამოვიდნენ.  ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილი თურქეთიდანაა ჩამოსული, ხოლო დანარჩენი ირანიდან.

გარდაბანში, ძირითადად  თურქეთიდან ჩამოსახლებული ასურელები ცხოვრობენ. მათი ოჯახების რაოდენობას  ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ 100-მდეა", - საუბრობს, ბიტკაში. მისი თქმით, დღეს ტრადიციისამებრ ახალ წელს აღნიშნავენ. ,, შუა მდინარეთში ძალიან ნაყოფიერი მოწები იყო, ამიტომ ჩვენი ხალხი მოსავალს  ორჯერ, აპრილსა და სექტემბერში იღებდა. შესაბამისად, ყველაფერი ახლის დასაწყისად აპრილი ითვლება და მას ისე აღვნიშნავთ, როგორც ახლ წელს. ჩვენი დღესასწაულის სახელიც აქედან გამომდინარეობს:  ხა- ასურულად პირველს ნიშნავს, ნისანი - აპრილს", - დასძენს, ეკატერინე ბიტკაში.


თავად წამოშობით ირანიდანაა, დაამთავრა ,,ასირიოლოგიიის ფაკულტეტი" და სამეცნიერო ცხვოვრების დაწყებას გეგმავს, თუმცა ამასთან ერთად  წერს და მღერის  ასურულ  სიმღერებს.

ასურელებს "ხაბ-ნისანი" რეინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა და გარდაბნის ადგილობრივმა ხელისუფლებამ  მიულოცა. ზაქარეიშვილის თქმით, აღნიშნული დღესასწაული არის მთელი ქვეყნის, რადგნა ასურელები არიან ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. თამარ კინწურაშვილმა კი საკუთარ მილოცვასთნ ერთად ასირიელებს  პრეზიდენტის მილოცვაც გადასცა.

კულტურის სახლში გამართული  ღონისძიება ორ საათს გაგრძელდა. სცენაზე ასურულ ანსამბლებს ,, მეტოქეობას" გარდაბნის №1 სკოლის ფოლკლორული ანსამბლი ,,თეთნულდი" უწევდა. თეთნულდის მომღერალთა ტრიომ ასურელებს ,,ახალი წელი" მეგრული საახალწლო სიმღერით  ,,სადავოი კრირიალესათი" მიულოცა.


 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 



Comments