მორიგი ხმაური რუსთავის ,,ოცნების“ გარშემო



რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილებას დღეს განსხვავებული სამუშაო დღე ჰქონდა. ,, ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციაში არსებულმა დაპირისპირებამ მორიგი ხმაური გამოიწვია. პარტიის პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალური ოფისიდან რუსთავში მოვლენილმა, თედო კარიაულმა ,,მისია" ამ ეტაპზე ვერ შეასრულა. რუსთავში მისი სტუმრობა დღის ბოლოს პოლიციის განყოფილებაში პარტიის წევრების ჩვენებების მიცემით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ,,ოცნების" რუსთავის ორგანიზაციაში დაპირისპირება არჩევნების შემდეგ მალევე დაიწყო. პარტიის დამფუძნებელთა და წევრთა ნაწილმა მოითხოვა ,,ოცნებას" წინასაარჩევნოდ შტაბის ხელმძღვანელი, ალეკო ბერიძე ჩადგომოდა სათავეში. ეს კანდიდატურა მეორე ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ განაცხედეს, რომ ბერიძე წინასაარჩევნოდ ,,ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. ჩაშლილი შეხვედრებისა და კონფერენციების შემდეგ, დღეს თბილისიდან სიტუაციის მოსაწესრიგებლად პარტიის კოორდინატორი აღმოსავლეთ საქართველოში თედო კარიაული ჩამოვიდა.


 ,, ჩვენ პარტიის სამომავლო საქმიანობის გასაზღვრისთის შევიკრიბეთ. შეხვედრაზე კი მოვიდა პროვოკატორი, ვინმე გიორგი მაღრაძე, როგორც ჩვენმა კოორდინატორმა განაცხადა ეს  არის ადამიანი, რომელმაც არჩევნების დღეს სამი სამარშუტო ტაქსით ამომრჩევლები მოიყვანა კარუსელის  დასატრიალებლად. აი, ასეთი წარსულის ადამიანმა განაცხადა, რომ ის არის ოცნების წევრი. მას ამის დამადასტურებელი არავითარი საბუთო  არ ჰქონია. შესაბამისად,  დაიწყო პროვოკაცია, რაც დაგეგმილი ჰქონდა", - საუბრობს, წინასაარჩევნოდ კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი, ალეკო ბერიძე.


,, მე შემატყობინეს, რომ პარტიის შეხვედრა იყო და ჩამოდიოდა თედო კარიაული. დავინტერესდი და დასწრების სურვილი გამიჩნდა.  ადგილზე მისულს კი დამხვდნენ ადამიანები,  რომელთაც  ჩათვალეს რომ თავად უნდა გადაეწყვიტათ,  თუ ვინ შევიდოდა ოფისში.  შესაბამისად, ვინმე  მამუკა მაისურაძემ რომელთანაც პირადი ნაცნობობა  არ მაკავშირებს,  დაიწყო პროვოკაციული და შეურაცმყოფელი ფრაზებით საუბარი  - ვიღაცას  ყბებს დავუმტვრევ და ა. შ.  მე ვკითხე ვის ემუქრებოდა და  ამით დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.  მას აყვნენ სხვებიც, ერთობლივად მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა" , - საურობს, მაღრაძე. მისი თქმით, ალეკო ბერიძის საკითხი,  უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია,   ის პოლიტსაბჭოს მიერ გარიცხულია და  სარევიზიო კომისიამაც  მისი საჩივარი  არ დააკმაყოფილა. ამბობს, რომ იურისტი და კანონმორჩული ადამიანია და ქუჩაში ფიზიკური დაპირისპირებით საქმის გარკვევა მისთვის მისაღები  არ არის.

კოსტავას გამზირზე მიმდინარე თავყრილობას, რომელიც მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა,  თვალყურს ,, უფლებადამცველთა საერთაშორისო ასოციაცია" ადევნებდა. ორგანიზაციას   ინციდენტზე დაკვირვების და გადაღების საშუალება ჰქონდა.   ასოციაციის თავჯდომარე, ლაშა პარასტაშვილი გვიყვება, რომ გიორგი მაღრაძეს ადგილზე მყოფი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ალეკო ბერიძის მხარდამჭერია -  ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხოფას აყენებდა.

,, გიორგი მათ პასუხობდა,  რომ ის პარტიის წევრია და შეხვედრაზე შესვლა უნდა.  ამაზე ისინი წინააღმდეგი  იყვნენ  და დაუწყეს ჯაჯგური. შემდეგ უცებ გამოგვტაცეს და ცემა დაუწყეს. ამ დროს გადაღებას ვცდილობდი და ადგილზე მყოფი მოქალაქეები  აგრესიას ჩემს  მიმართაც ავლენდნენ და გადაღების ფაქტს აპროტესტებდნენ" ,  - საუბრობს, პარასტაშვილი. მისი განმარტებით  ადგილი მინიმუმ ხულიგნობის ფაქტს ჰქონდა.



Comments