,,ლიდერთა სახლის“ ახალგაზრდები ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს შეხვდნენ


KKPRESS.GE

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - kkpress.ge" ცდილობს დააკვირდეს და გააშუქოს რეგიონში  ახალგაზრდების ცხოვრება. პორტალი ამ ეტაპზე სისტემატიურად  აშუქებს  მარნეულის ახალგაზრდა სპორცმენთა პროფესიულ ცხოვრებას.  ასევე, ამზადებს მასალებს რუსთავის    ,,ლიდერთა სახლში" ყოველკვირეულად მიმდინარე ახალგაზრდული აქტივობების შესახებ.

შევახსენებთ ჩვენ მკითხველს, რომ უკვე, რამდენიმე თვეა რუსთავის იუსტიციის სახლი ადგილობრივი აქტიური ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა. დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდები ყოველ კვირა იუსტიციის სახლში იკრიბებიან, ხვდებიან მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანებს, ისმენენ მათ პროფესიულ ისტორიებს და ემზადებიან საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად. არჩევანი კი ერთია,  მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი სამომავლო პროფესიული არჩევანი.  


,,ლიდერთა სახლი" ახალგაზრდული კლუბია,  რომლის მთავარი ამოცანა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,  მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითრება და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაა. ,,ლიდერთ სახლი"-ს ერთ-ერთი მიმართულება ,,პროფესიული არჩევანია". რუსთაველი ახალგაზრდები  პროგრამის ხელმძღვანელებმა, უკვე შეახვედრეს ფსიქოლოგს, პროკურორს,  ექიმს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს, ჟურნალისტს, მსახიობს, ადვოკატს და მენეჯერს.

დღეს ,,ლიდერთა სახლის" მოზარდებს ტურიზმის პროფესიის გაცნობის  შესაძლებლობა ჰქონდათ. მათ პროგრამის ,,პროფესიული არჩევანის' ფარგლებში ტურისტული კომპანია ,,VisitGeorgia'-ს პროდუქტ მენეჯერი, სოფო ჩილინგარაშვილი შეხვდათ. ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი,  ახალგაზრდებს ტურიზმის სპეციფიკაზე,  სირთულეებსა და დადებით მხარეზე  ესაუბრა. მისი თქმით,  ტურიზმში ე.წ გასაყიდი პროდუქტი არის ტურისტული პაკეტები, რაც კონკრეტული ადგილებისგან შედგება. საუბრობდა, რომ კომპანიაში მას,  სწორედ ასეთი პროდუქტის გაყიდვა ევალება.

,, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში ისრაელიდან ჩამოდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკმაოდ ბევრი ჩარტერული   რეისი  არსებობს. ასევე, ტურისტთა საკმაოდ დიდი ნაწილი სტუმრობს საქართველოს გერმანიიდან. ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობას კი  ცხადია, ტურისტი თავად წყვეტს, თუმცა მისი  თითოეული დღის განრიგი ტურისტული კომპანიის მიერაა  დაგეგმილი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასტუმროს, ტრანსპორტის და გიდის მომსახურებაზე", - საუბრობდა, ტურისტული კომპანია ,,VisitGeorgia'-ს პროდუქტ მენეჯერი, სოფო ჩილინგარაშვილი.

ახალგაზრდებს აინტერესებდათ, თუ რა სავალდებულო უნარები უნდა ჰქონდეს აღნიშნული პროფესიის არჩევის  მსურველებს. ,, პირველი და უმთავრესი უცხო ენების ცოდნა და კომუნიკაციის კარგი უნარებია" , - უხნიდა ,,ლიდერთა სახლის" მოზარდებს  ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments