სახანძრო სამსახური მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას ითხოვს



რუსთავის სახანძრო სამსახური, რომლის შემადგენლობაშიც ხუთი სახანძრო ავტოერთეული შედის, ყოველწლიურად სხვა ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში 50-60 ხანძრის ლიკვიდაციას ახდენდა.  სამსახურის უფროსის თამაზ დარბაიძის განცხადებით, არსებობს შსს-ს  მიერ შემუშავებული   ურთიერთდახმარების გეგმა, რომლის გათვალისწინებითაც ხანძრებზე,  ავარიებსა  თუ სხვა სტიქიური უბედურებების შემთხვევაში - დახმარების აღმოსაჩენად გასვლა უპირობოთ ხდებოდა.
„ ხანძრის შესახებ შეტყობინება გაჩიანიდან,  ყარაჯალადან - 112 სამსახურის შექმნამდე რუსთავში შემოდიოდა, რადგან უახლოესი სახანძრო დანაყოფი რუსთავი იყო. ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 ხანძარი არის ჩვენს მიერ ლიკვიდირებული სხვა ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში. ეს არის გარდაბანი, მარნეული და მათ შორის საგარეჯოც. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რუსთავისთვისაც არ არის საკმარისი არსებული ტექნიკური ბაზა",  - ამბობს დარბაიძე.

მისივე თქმით,  სახანძრო სამსახურის პოტენციალი, მისი მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, საშტატო რიცხოვნობა, ქალაქის ტერიტორიიდან, შენობების სიმაღლიდან და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრება. რაც იმას გულისხმობს, რომ რუსთავის შემთხვევაში ქალაქში 6 სახანძრო შენობა და  30 სახანძრო ავტოერთეული უნდა იყოს.  

„ ნამდვილად ვერ ვიტყვი,  რომ თვითმმართველობის მხრიდან უყურადღებოდ ვიყავით.  წლების განმავლობაში, სახანძრო სამსახურის მიმართებაში ყურადღებას არავინ იჩენდა და  2005 წელს,  როდესაც მოხდა ანალოგიური სამსახურების თვითმმართველობებზე გადაცემა აღმოჩნდა, რომ უკვე იმდენად გართულებული იყო საქმე - მატერიალურ ტექნიკური ბაზის მხრივ, რომ  ყველაფერი მთლიანად განახლებას ითხოვდა. საუბარია დაახლოებით 5-დან 10 მილიონ ლარზე,  რასაც ვერ მოახერხებდა ადგილობრივი ხელისუფლება თუ საქმეში ცენტრალური ხელისუფლების ინტერესი არ იქნებოდა ჩადებული", - ამბობს რუსთავის სახანძრო სამსახურის უფროსი,  თამაზ დარბაიძე.

დარბაიძის განცხადებით  იმისთვის, რომ სახანძრო სამსახურმა ქალაქში ეფექტურად იმუშაოს პირველი ეტაპისთის დაახლოებით იმდენივე ავტოერთეულის დამატებაა საჭირო,  რაც ამ დროისთვის გააჩნია ქალაქს. მისივე თქმით,  ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში სახანძრო სამსახურმა 3 ერთდროული გამოძახების შემთხვევაში  უნდა მოახდინის რეაგირება, რაც რუსთავის შემთხვევაში მეტად რთული ამბავია.

შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭირიებს, როგორც დარბაიძემ განაცხადა ორი წლის წინ თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი თანხით პირველ ეტაპზე მხოლოდ სამორიგეოების გარემონტება მოხდა. ამის შემდეგ კი ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. 70-იან წლებშია გამოშვებული  ის მანქანებიც, რომლითაც ეხლა რუსთავის სახანძრო სამსახური მოსახლეობას ემსახურება. დარბაიძე თვლის, რომ აუცილებელია ამ მანქანების  ეტაპობრივად ახლით ჩანაცვლება.



Comments