ახალი მთავრობის დეცენტრალიზაციის ახალი მოდელი




საქართველოს მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს ძირეულ ცვლილებებს თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით.  ,, მაქსიმალურად დეცენტრალიზირებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივი მომსახურების ადექვატურ მიწოდებას მოსახლეობისთვის და ვერც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას", - საუბრობდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პიველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი.

მისი თქმით, დეცენტრალიზაციის მიზნით ახალი კანონმდებლობის შექმნაზე სამინისტროსთან ერთად სამოქალაქო სექტორისგან შემდგარი საზოგადოებრივი საბჭო მუშაობს. შეხვედრას აღნიშნული საბჭოს წარმომადგენლები, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავჯდომარე, კოტე კანდელაკი და  სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი, ზაურ ხალილოვი ესწრებოდნენ.


დამსწრე საზოგადოებისგან დაისვა კითხვები, რომელთა ძირითადი ნაწილი დეცენტრალიზაციის მიზნით შესამუშავებელი კანონის დეტალებს ეხებოდა. თენგიზ შერგელაშვილი მათ პასუხად აცხადებდა, რომ რიგი დეტალაები ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა  და მათზე საუბარი ამ ეტაპზე ადრეა. სამინისტროს წარმომადგენელი აქცენტს არსებულ სიტუაციაზე აკეთებდა.  

,, რაიონულ ცენტრებში გზის პირას შეიღება და აშენდა რამდენიმე შენობა,  ამის პარალელურად მივდივართ ამავე რაიონის სოფლებში და ვხედავთ, რომ იქ ისეთი სიტუაციაა რაც 20 წლის წინ იტო. მათთვის არაფერი არ იცვლება. ჩვენ სწორედ ამ მიდგომის და მუშაობის  სტილის შეცვლა გვინდა", - დასძენდა, შერგელაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში უნდა მოხდეს ქონებრივი საკითხების და კომპეტენციების განსაზღვრა.

დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის თანახმად უნდა მოხდეს  საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმირება თითოეულ დასახლებაში; სამხარეო  ხელისუფლებაში ( ამჟამად გუბერნია) თვითმმართველობის ელემენტების დამკვიდრება და  სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების შექმნა.

აღნიშნული ინიციატივის მიხედვით უნდა მოხდეს თითოეულ სოფელში საერთო კრების მეშვეობით სოფლის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სოფლის რწმუნებულებს. ,, საზოგადოებრივ თვითმმართველობას არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი. მას გადაეცემა მისთვის დელეგირებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები", - ვკითხულბთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ძირითად პრინციპებში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  კითხვა დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიც დაისვა. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, რა დელეგირებული ფუნქციები ექნებათ სოფლის საბჭოებს. რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი პასუხობდა მათ, რომ ჯერჯერობით აღნიშნული ფუნქციები არ არის განსაზღვრული და ამ მიმართულებით მსჯელობა გრძელდება.


შეხვედრას არ ესწრებოდნენ  დეცენტრალიზაციის აღნიშნული სტრატეგიის მოწინააღმდეგეები. მათი პოზიციები კი ზოგადად, პროცესების სამომავლოდ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში არაჯანსაღად წარმართვის ალბათობას  უკავშირდება. საზოგადოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონებში, სადაც უმრავლესობაში არაქართული მოსახლეობაა,  სოფლის საბჭოს თავჯდომარის და წევრების არჩევისას  არჩევანი არა შესაბამისი უნარების მიხედვით, არამედ ეთნიკური კუთვნილების ნიშნით - არაქართული ეროვნების მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდება.



Comments