ქველმოქმედება, თუ სახელმწიფო ინტერესებს ამოფარებული რეკეტი





ამჯერად, მათი ყურადღების ცენტრში 2008-2012 წლებში მომხდარი ჩუქების ფაქტები მოხვდა. საერთო ჯამში გამჭვირვალობის კვლევის თანახმად დროის ამ მონაკვეთში  სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

,, აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულების შესახებ, ამასთანავე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ხშირ შემთხვევაში ქონების ღირებულება საერთოდ არ არის მითითებული", - წერია „ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს განცხადებაში.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა დაიწყო აღნიშნულ ,,ხელგაშლილ" მეწარმეთა შორის რეგიონში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების ძებნა. აღმოჩნდა, რომ ხელგაშლილთა რიცხვში არის მოხვედრილი სს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო.  დაწესებულებამ  2011 წელს რუსთავში წმ ნინოს #3  მდებარე ნაკვეთი და მასზე განთვსებული შენობა-ნაგებობები, სახელმწიფოს აჩუქა.

კითხვაზე, რატომ აჩუქა ეს ქონება სახელმწიფოს საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე ამბობს, რომ ქონება იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ,, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე" გააჩუქა.

,, ჩვენ მოგვმართა იუსტიციის სამინისტრომ გვითხრეს, რომ არსებობს სერიოზული პროექტი, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს სამინისტროს დაქვემდებარებული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ესქპერტიზის ეროვნული ბიუროს დივერსიფიცირება რეგიონებში. თქვეს რომ  მათ სჭირდებათ ეს შენობა და მასზე მდებარე 600კვ.მ მიწა.

ზოგადად საბჭოთა დროიდან სასამართლოს ექპერტიზის ბიურო ისედაც იყო ამ შენობაში შეხიზნული. თუმცა ჩვენ ამავე შენობაშვი გვქონდა საავადმყოფოს პათოლოგ-ანატომიოლოგიური განყოფილება, ანუ მორგი", - საუბრობს პაპუნა ბახტაძე. ამბობს, რომ რაც იყო იყო აწი, ამ საკითხზე დავას არ ფიქრობს, თუმცა არ უარყოფს რომ ლაზარეთის ჩუქებით ზარალი მიადგათ. აცხადებს, რომ ,, ქველმოქმდების" შემდეგ საავადმყოფოს ცალკე მოუწია ლაზარეთის გაკეთება.

პაპუნა ბახტაძე  ამბობს, რომ როდესაც ვერაფერს გახდა პროკურატურასთან საუბარი ამ სიტყვებით დაასრულა: ,, მორგი, მკვდრები და უბედურება გქონდეთ თქვენ".
მეორე სააქციო საზოგადოება, რომელმაც 2010 წელს საკუთარი ქონება სახელმწიფოს აჩუქა სს კავკაზუს აგროდეველოპმენტია. აღნიშნულ ორგანიზაციას საჯარო რეესტრის მონაცემებში ვერ მივაკვლიეთ, თუმცა ქვეყნის წინაშე გაღებული მათი ღვაწილი ჯერ არ წაშლილა. კავკაზუს აგროდეველოპმენტმა გარდაბნის რაიონ სოფელ ლემშვენიერაში მდებარე 11 მიწის ნაკვეთი აჩუქა სახელმწიფოს. ნაჩუქარი მიწის ნაკვეთებიდან ყველაზე მცირეს ფართობი არის 119 476 კვ.მ, ხოლო ყველაზე დიდის  972 980 კვ.მ.
ქველმოქმედთა სიაში აღმოჩნდა ,,თიბისი ბანკი"-ც მათ სახელმწიფოს გადასცეს მარნეულის რაიონის რუსთაველის ქ.#1-ში მდებარე 431 კვ.მ ფართი.
,,თიბისი ბანკი" თემაზე კომენატს აკეთებს და აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა.

,, ბანკის მიმართ ამ გარიგებაში ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თიბისი ბანკის საკუთრებაში იყო 432 კვმ გასარემონტებელი ფართი მარნეულში. ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით  სახელმწიფომ გადაწყვიტა იუსტიციის სახლის მშენებლობა და  შემოგვთავაზა შენობის დანგრევა და ასაშენებელ იუსტიციის სახლში ბანკის ფილიალის განთავსება, შესაბამისი ფასნამატით. იქ,  ამჟამად ფუნქციონირებს თიბისი ბანკის მარნეულის ფილიალი", - აცხადებენ, თიბისიში. დადებული გარიგების თანახმად დღეს მარნეულის იუსტიციის სახლი და თიბისი მეზობლები არიან და ერთ შენობას იყოფენ. 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments