ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი გაიხსნა



დღეს, რუსთავში კოსტავას გამზირზე ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აზერბაიჯანის   კულტურის მინისტრი აბულფაზ გარაევი, ,,სოკარი"-ს გენერალური დირექტორი როვგან აბდულაევი  და მთავრობის სხვა წარმოადგენლები დაესწრნენ.

სკვერთან ერთად პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანელმა სტუმრებმა ჰეიდარ ალიევის ძეგლიც გახსნეს. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით  პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი გამოვიდნენ. მათ ჰეიდარ ალიევი და მისი დამსახურებები გაიხსენეს როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს წინაშე.

„ მოხარულნი ვართ, რომ დღეს,  ჩვენი ქვეყნის ლიდერის  ჰეიდარ ალიევის იუბილე  საქართველოშიც აღინიშნება.  საქართველო და აზერბაიჯანი  გამოდის ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე და  საერთაშორისო მასშტაბით ერთ სიტყვას ამბობენ. ჩვენ ქვეყნებს ტრანსპორტის, კულტურის, ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც ასე იქნება.  მადლობას ვუცხადებთ ამ მშვენიერი პარკის შექმნაში დიდი წვლილის მქონე ადამიანებს. მათ შორის, კომპანი ,,სოკარს".   დარწმუნენული ვარ,  რომ ეს პარკი რუსთავისთვის  სასაიმოვნო დროის გასატარებელ ადგილად იქცევა", - განაცხადა გარაევმა.

„ დღეს გაიხსნა დიდი პოლიტიკური მოღვაწის, ჰეიდარ ალიევის სკვერი. ალიევი გახლავთ აზერბაიჯანის ეროვნული გმირი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს ჭეშმარიტ განვითარებას. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს აზერბაიჯანის ნავთობი გაედინება საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ მისი ძეგლის გახსნით არა მარტო მას, არამედ  აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას მივაგებთ პატივს.  აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთად მხარდამხარ ავაყვავოთ ჩვენი ქვეყნები", - განაცხადა ივანიშვილმა.


„ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ჩვენი  აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის. აზერბაიჯანის დელეგაცია ჩამობრძანდა გუშინ ბაქოდან. დღეს დილით ჩვენ უკვე გავხსენით ჰეიდარ ალიევის სტელა,  აზერბაიჯანელი კლასიკოსის, ლიტერატურის ერთ-ერთი დამფუძნებელის, მირზა ფათალი ახუნდოვის სახლმუზეუმი. ეხლა ეს შესანიშვანი სკვერი. დიდი პიროვნებები, მწერალი იქნება ეს თუ  პოლიტიკური მოღვაწე,  ამეგობრებს ხალხს და დღეს არის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ორი ქვეყნის დმეგობრებისა", - განაცხადა  გურამ ოდიშარიამ.

,, მოედნიდან მეტალურგიის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე სკვერი. ამ რამდენიმე წლის წინ ქალაქის ხელმძღავანელობის მხრიდან   მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება, რომ ეს სკვერები იყოს ჩვენი დაძმობილებული ქალაქების, ქვეყნების სკვერები. პირველი ასეთი ალიევის სახელობის სკვერი გაიხნსა  დღეს, რომელიც სოკარის მიერ არის  დაფინანსდებული. ჩვენ ვაპირებთ, რომ თურქული  ან უკრაინის რომელიმე  ქალაქის სახელობის სკვერი გავაკეთოთ. ეს იქნება მეგობრობის სკვერები",  -განაცხადა მინდელმა.


  
 

სოფიკო ზურაშვილი

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments