აგრალურ რაიონს გამგეობაში აგრონომი აღარ სჭირდება ..


KKPRESS.GE

არჩევნების შემდეგ მარნეულის რაიონმა თავი გამგეობაში დაწყებული დაპირისპირებით გამოიჩინა. რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოსვლის შემდეგ,  ზეწოლის შესახებ განცხადება მისმა მოადგილემ აგრალურ საკითხებში, ოთარ ჭანტურიამ გააკეთა.

ჭანტურია ზეწოლის შესახებ 24 აპრილს ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან საუბრობდა. 

 " საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა იმერლიშვილმა დამიბარა თავისთან და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება მომთხოვა. მიზეზად კი, პოლიტიკური ვითარების ცვლილება დაასახელა", - ამბობდა ოთარ ჭანტურია. მისი თქმით, ურთიერთობა განსაკუთრებით  მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, თამაზ ენუქიძესთან გაურთულდა. ჭანტურია აცხადებს, რომ ენუქიძე მისი მისამართით არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს და პიროვნულ შეურაცყოფას აყენებს.

აღნიშნულ ბრალდებებს მალევე უპასუხეს მარნეულის გამგეობაში დანიშნულმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმაც და მისმა მოადგილემ. განაცხადეს, რომ ჭანტურია უპასუხისმგებლოდ ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას. მათ ასევე მიმართეს საკრებულოს აღნიშნული შტატის - გამგებლის მოადგილე აგრარულ საკითხებში- საერთოდ გაუქმების წინადადებით.

დღეს მარნეულის გამგეობაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე ჭანტურიას ბედი და მისი შტატის გაუქმების საკითხი თითქმის საბოლოოდ გადაწყდა.

,, აქ არაა საუბარი პიროვნებასთან დაპირისპირებაზე, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ სჭირდება თუ არა გამგეობას ეს შტატი, მაშინ როდესაც რაიონში არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარეკომენდაციო სამსახაური", - მიმართავდა  მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, თამაზ ენუქიძე საკრებულოს წევრებს.

საკითხზე  აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნა. ,, სამსახური, რომელზეც თქვენ საუბრობთ არის სამინისტროსი და არა ჩვენი!  მარნეული არის აგრალური რაიონი და გამგეობას სჭირდება ეს შტატი. სამინისტროს სამსახური ხელმძღვანელობს, მხოლოდ სოფლის მეურნეობის, ანუ  ცენტრიდან მიმდინარე პროექტებს, ადგილზე რაც ხდება აგრალური მიმართულებით რაიონში  ვის მოვკითხოთ ამაზე პასუხის?! ვის მივცეთ დავალებები, თუ გამგეობას აგრალურ საკითხებზე შტატი არ  ექნება?! '- კითხულობდა, მარნეულის საკრებულოს წევრი,  ტახირ აგაევი.

 ის, რომ საკრებულოსთვის შტატის გაუქმების თემა ერთხმად მისაღები არ იყო პირველივე კენჭისყრაზე გამოიკვეთა. მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხელმეორედ დათვლისას სხდომაზე ხმაური დაიწყო. საკრებულოს აპარატის წევრები უხსნიდნენ, საკრებულოს ხელმძღვანელს, რომ კანონით საერთოდ არ იყო საჭირო აღნიშნული საკითხის სხომაზე გატანა და მას თავად შეეძლო შტატის გაუქმება. მას შემდეგ რაც საკრებულოს წევრები ვერ ჩამოყალიბდნენ საკუთარ გადაწყვეტილებაზე საკრებულოს თავჯდომარემ, ისპანდარ ქერიმოვი სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ თავად გააუქმებს გამგებლის მოადგილის შტატს აგრალურ საკითხებში.

,, როგორც საკრებულოს თავჯდომარე ვაუქმებ ამ შტატს, მორჩა და გათავდა! ", - განაცხადა, ქერიმოვმა.

თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შტატის გაუქმების საკითხი არ არის გადაწყვეტილი და გარკვეული პროცედურები წარიმართა არასწორად. ,, ეს საკითხი გადავდოთ", - განაცხადა თემის კომენტირებისას.

აღსანიშნავია, რომ თავად მარნეულის საკრებულოს თავჯდომარე, ისპანდარ ქერიმოვი 15 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მარნეულის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე აცხადებდა, რომ მასზე ზეწოლაა  და მისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ. 

მანონ ბოკუჩავა


Comments