რუსთავში გამოსახლებული ოჯახების პრობლემა ვერ გვარდება - 21 სექტემბერი 2013


kkpress.ge

მე-5 დღეა რუსთავის ყოფილი #35 საბავშო ბაღიდან გამოსახლებული ოჯახები ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. შენობა, რომელიც მათ გასული წლის ოქტომბერში ოფიციალური ნებართვის გარეშე დაიკავეს დღეს, ლტოლვილთა სამინისტროს ეკუთვნის. დარახველიძის უწყებამ დევნილებისთვის ყოფილი ბაღის შენობის რემონტი დაიწყო. მასში მცხოვრები ოჯახები კი  გარეთ აღმოჩნდნენ.

სამი შვილის დედა ირმა დიაკონიძე ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. ,, ვარ სოციალურად დაუცველი, მყავს  ეპილეფსიით დაავდებული შვილი. ვის არ სჯერა ჩემი მითხარით, მოვიდეს და გადაამოწმოს ჩემი მდგომარეობა. გამოსახლებისას თავის დაწვა მინდოდა და პოლიციამ შემაჩერა. ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო?!  მე-5 დღეა გარეთ ვათენებთ ღამეს და სულ ერთხელ  მოვიდა ჩვენი მდგომარეობის სანახავად ადგილობრივი მთავრობა",- საუბრობს, დიაკონიძე.

ამბობს, რომ მერია მათ საცხოვრებლად უვარგის ფართს სთავაზობთ, სადაც არ არის ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, ელექტროენერგია და საპირფარეშო.

გამოსახლებულებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოხდა დროებით საცხოვრებლად დავით გარეჯის #30-ის შეთავაზება. აღნიშნულ მისამართზე არ არის საყოფაცხოვრებო პირობები, თუმცა გამოსახლებულებს ადგილობრივი მთავრობა ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის საკითხის მოსაგვარებლად კერძო კომპანიებთან შუამავლობას ჰპირდება.  აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საბინაო ფონდი და აღნიშნული შენობის შეთავაზებაც კი კანონთან წინააღდეგობაშია, თუმცა მოსახლეობის მდგომარეობაში შედიან და ცდილობენ სიტუაციიდან დროებითი გამოსავალი მონახონ.

ოჯახები კი რომლებიც ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს აცხადებენ, რომ ქალაქში არსებობს სხვა მიტოვებული შენობები, სადაც უკეთესი გარემოა საცხოვრებლად, თუმცა მათი შეთავაზება მერიის მხრიდან არ ხდება.  ,, ლტოლვილთა სამინისტროს სახელით გესაუბრებით, რომ არსებობს თქვენთვის დავით გარეჯის #30-ში ადგილი. გვაინტერესებს თანახმა ხართ, თუ არა გადასვლაზე ?",- ეკითხებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები გამოსახლებულებს.

მათ შეთავაზებაზე მორიგი უარი მიიღეს.

გამოსახლებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ მისცენ რემონტის გაგრძელების უფლება მუშებს. ჩანაფიქრი განახორციელეს კიდეც დილიდან შეჩერდა სარემონტო სამუშაოები.

მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებენ სამართალდამცავებიც. მშენებლობაზე მომუშავე პირები კი აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან კონფლიქტში ვერ შევლენ.

,, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ დევნილები ვართ, რომ ჩვენთან სასაუბროდ აქ, ამ სამინისტროს გარდა არავინ მოდის?! დილიდან ველოდით მერიის წარმომადგენლებს, სად არიან გამარკვიეთ?!" - კითხულობდა, ერთ-ერთი გამოსახლებული იამზე ცინაძე.

მაშინ, როდესაც გამოსახლებულები ადგილობრივ მთავრობას კითხულობდნენ, რუსთავის მერიის მაღალჩინსნები კოლექტიურად გარემოს დაცვით აქციაში იყვნენ ჩართულნი და რუსთავის სკვერებს ასუფთავებდნენ.


მანონ  ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments