დარახველიძის უწყება წალკაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა


დღეს წალკის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი  მერაბ გოგსაძე შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა ისაუბრეს მათ საცხოვრებელ პირობებზე და სამინისტროს მიმართ არსებული მოთხოვნები გააჟღერეს.

როგორც წალკაში მცხოვრები დებნილები ამბობენ, მათთვის დიდი ხანია მთავრობას ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა ახლა იმედი აქვთ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება.
,, ჩემი ჩამოსვლის მიზანია აქ მცხოვრები ლტოლვილების პრობლემების მოსმენა. შეხვედრის შემდეგ შესაბამის უწყებებთან დავაყენებთ ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურად დასახელდა.  

საუბარი იყო ქალაქ წალკაში იოანიდის ქუჩაზე მდებარე ძველ შენობაზე, რომლის გადაცემასაც ითხოვენ დევნილები. ჩვენ აღნიშნული შენობის გადაცემაზე რამდენჯერმე მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და როგორც მათ გვიპასუხეს უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ ამ საკითხს. იმედი მაქვს დადებითი პასუხი იქნება. ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს, როცა შენობა იქნება ჩვენს ბალანსზე, გავარემონტებთ და  გარემონტებულ ბინებს გადავცემთ დევნილებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ წალკაში მცხოვრები დევნილებისთვის სახლების შეძენაზე და ვეცდებით მაქსიმალურად მოვაგვაროთ მათი პრობლემები“,- აცხადებს მერაბ გოგსაძე.

,, რამდენიმე წელია ჩვენ აქ, ადგილობრივი ბერძენი მოსახლეობის სახლებში ზოგი ქირით ვართ შესული, ზოგი თვითნებურად. ჩვენი საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, ვითხოვთ ქალაქ წალკაში იოანიდის ქუჩაზე მდებარე შენობის გარემონტებას და  გადმოცემას. დღეს ვესაუბრეთ ბატონ მერაბს და იმედი გვაქვს ყველაფერი მოგვარდება“, - აფხაზეთიდან დევნილი ციური დედაოღლი.

გურამ კახაძე

KKPRESS.GE




Comments