სახელმწიფო და ეკომიგრანტები

kkpress.ge

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, საქართველოში ეკომიგრანტების საცხოვრებელი პირობები საგანგაშოა. სტიქიით დაზარალებულებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება. მათი პრობლემები მრავალფეროვანია, თუმცა თითქმის ყველა სტიქიით დაზარალებულს აერთიანებს შესაბამისი სტატუსის უქონლობა და უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ზოგადად ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. ძირითადი პრობლემა ისაა რომ სახელმწიფოს მათთან მიმართებაში არ აქვს გარკვეული საადაპტაციო და საინტეგრაციო გეგმა. მათ უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება, ეკომიგრანტთა ყოველი ახალი ნაკადის ჩასვლასთან ერთად იმატებს კონკურენცია იგივე დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. სახლები, ხშირად არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ იქ ცხოვრება შესაძლებელი იყოს.

დღეისთვის სტიქიური   მოვლენების   შედეგად   იძულებით   გადაადგილებულ   პირებზე არანაირი სამართლებრივი სტატუსი  არ ვრცელდება. ტერმინი ეკომიგრანტი გვხდება   ცალკეულ   ნორმატიულ   აქტებში,   თუმცა   მიუხედავად   ამისა   არ არსებობს  ისეთი  სამართლებრივი  ნორმა,  რომელშიც  მოცემული იქნებოდა ეკომიგრანტის  დეფინიცია  და   განისაზღვრებოდა  პირთა ის წრე, რომელიც მოიაზრება ამ კატეგორიაში.


„ ხშირია, ეკომიგრანგტებისათვის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს პრობლემა, რის გამოც მათ ისევ რისკის ზონაში უწევთ დაბრუნება. აუცილებლად გასამართია საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს მათ, როგორც ეკომიგრანტებს და ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან უფრო მეტის მოთხოვნის საშუალება ექნებათ",-  აცხადებს ნინო თევზაძე.

აღნიშნულ პრობლემებს გაზვიადებულად მიიჩნევენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროში. მიგრაციის რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტმენტის უფროსის, ზაზა იმედაშვილის, თქმით, სტიქიით დაზარალებული ადამიანები და სოფლის დანარჩენი მცხოვრებნი თანაბარ პირობებში არიან და თუ არსებობს სოფელში გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემა, ეს არა მხოლოდ ეკომიგრანტთა გარკვეული ჯგუფის, არამედ მთელი სოფლის პრობლემაა.

„ გეთანხმებით, რომ გარკვეული პრობლემები არის, მაგრამ ეს პრობლემები ეხება მთლიანად სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და არა მხოლოდ სტიქიით დაზარალებულთა ჯგუფს. იმასთან შედარებით, რა პირობებშიც იყვნენ ისინი გადმოსახლებამდე, ახლა აქვთ საცხოვრებლად უსაფრთხო გარემო. რა თქმა უნდა,  არის გარკვეული კონტიგენტი რომელიც ვერ შეერგო და ვერ შეეწყო ახალ გარემოს, თუმცა უფრო მეტია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ადვილად შეეთვისა ახალ საცხოვრებელს. რაც შეეხება სახლების საკუთარებაში გადაცემას, სოფლად მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას კერძო საკუთრება დაკანონებული არ აქვს და მათ არც არავინ ედავება. ეს მათ  ცხოვრებაში პრობლემას არ უქმნის",- აცხადებს იმედაშვილი.

ზაზა იმედაშვილი შიშობს, რომ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში შესაძლოა სტიქიით დაზარალებულ ადამიანთა ჯგუფმა გაყიდოს უკვე დაკანონებული ფართი და სხვაგან გადაწყვიტოს გადასვლა. თუმცა, იმედაშვილის თქმით, დაწყებულია ეკომიგრანტებისათვის სახლების დაკანონების პროცესი, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სტატუსის შემუშავებაზე მუშაობს. შემუშავებული კანონპროექტის მონახაზი დეკემბრის ბოლომდე გადაეგზავნება კომისიაში შემავალ ყველა უწყებას, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.

„ ჩვენ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში პიონერები გამოვდივართ, სადაც შემოვა სპეციალური განმარტება და სტიქიით დაზარალებულის სტატუსის პირველი დეფინიცია  და სახელმწიფოსა და ეკომიგრანტების ურთიერთობას კანონი დაარეგულირებს. მუშაობა დაწყებულია და 2014 წლამდე სამინისტროში მომზადებულ ამ კანონპროექტის დრაფტს გადავუგზავნით ყველა დაინტერესებულ უწყებას, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით",-აცხადებს ზაზა იმედაშვილი.


,,არასოდეს არანაირი დახმარება არ მიგვიღია. 2000 წლიდან აქ, ვცხოვრობთ და ჩვენი პრობლემების მომკითხველი კაცი არ არის. თავად ვებრძვით გაჭირვებასაც და უსახსრობასაც. მთავარია განისაზღვროს ჩვენი სტატუსი, რომ ის მაინც გაგვიკეთოს სახელმწიფომ, რისი ვალდებულაც მას აქვს. ვამბობთ რომ ეკომიგრანტები ვართ, მაგრამ რეალურად არსად არ წერია ეს, არავინ არ გვაღიარებს",- ნიკოლოზ  ხაბულიანი (ეკომიგრანტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

„ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოსახლების პროცესმა იმდენად იმატა, რომ სოფელში 150-დან 70 ოჯახამდე დარჩა. 32 ოჯახს სახლი შესყიდული აქვს, თუმცა ასევე სახელმწიფოს კუთვნილებაშია, დარჩენილი დანარჩენი 80 ოჯახი, სადაც ცხოვრობს ბერძნების სახლებია და ხელისუფლებას რომც ჰქონდეს სურვილი და საშუალება, ისინი უკვე უარს აცხადებენ სახლების გაყიდვაზე",-  ნოდარ სანთაძე (ეკომიგრანტი, წალკის მუნიციპალიტეტი). მისი ოჯახი ზაფხულში გამოასახლეს და სოფლის ძველი სკოლის შენობას შეეხიზნა.

,, 360 ათასი ლარი ჩაირიცხა სასმელი წყლის მილების დამონტაჟებაზე, ერთი 700 მეტრიანი მილი დააგდეს, ერთი ონკანი გააკეთეს და ასე დატოვეს ჰაერში, შუა ქუჩაში ყრია და არც დაუსრულებიათ. იმისათვის, ჩემს სახლამდე წყალი მივიყვანო 1000 ლარი მჭირდება, მივიყვან და სახლი მე არ მეკუთვნის, როცა უნდა პატრონს მაშინ გამომასახლებს", - ლევან ბოლქვაძე (ეკომიგრანტი, წალკის მუნიციპალიტეტი).

Comments