ქვემო ქართლის გუბერნატორი გამგებლების და გუბერნიის მომავლის შესახებ

KKPRESS.GE

ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერმა 13 დეკემბერს წარუდგინა საზოგადოებას. რეგიონი ამჯერად ყოფილ სამართალდამცავს ჩააბარეს. თანამდებობაზე დანიშნვისთანავე მღებრიშვილი რეგიონის ყველა რაიონს ესტუმრა.

რაიონულ გამგეობებში მომუშავე კადრები საუბრობენ იმაზე, რომ გუბერნატორმა ,,ყველა სამსახურის კარი შეაღო" და ყველა თანამშრომელი პირადდა გაიცნო. ახალი გუბერნატორის ჟესტი თანამშრომლებისთვის მოსაწონი აღმოჩნდა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა გუბერნატორის გადადგმულ რიგ ნაბიჯებში თვითმმართველობის კომპეტენციაში ჩარევის მცდელობა დაინახა. კონკრეტულად კი საუბარი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის/მერიის შენობის მოსალოდნელ რემონტზე, რომლის დავალებაც, მათი ინფორმაციით, გუბერნატორმა რაიონის გამგებელს მისცა.
შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მერია წლებია არ გარემონტებულა და ცუდი სამუშაო გარემოს, მოუწესრიგებლი საკანალიზაციო სისტემის გამო თანამშრომლები ხშირად ჩივიან.

თემასთან დაკავშირებით გუბერნატორი ამბობს, რომ მან გამგებელს ,,მეგობრული რჩვა მისცა", რომ თუ ჰქონდა რაიონის ბიუჯეტს შენობის რემონტისთვის საჭირო თანხა მიეხედა და თანამშრომლებისთვის ,,ადამიანური სამუშაო გარემო" შეექმნა.

,, მე ნამდვილად არ ვიცი მიდის, თუ არა ახლა ამ შენობაში სარემონტო სამუშაობი, თუმცა გეტყვით, რომ ეს იყო მხოლოდ რჩევა და თხოვნა ჩემი მხრიდან. ვნახე, თუ რა გაუსაძლის პირობებში მუშაობენ ეს ადამიანები, ვურჩია გამგებელს - თუ იყო ამის საშუალება მიეხედა ამ საკითხისთვის", - საუბრობს მღებრიშვილი.

გუბერნატორი კომენტარს აკეთებს ასევე წალკის გამგეობაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ რაიონის გამგებლისთვის დავალება არ მიუცია, უბრალოდ პრემიერის მითითება გადასცა. ,, პრემიერის ერთადერთი მითითება  არის ის, რომ გამგებლები მაქსიმალურად ახლოს უნდა იყვნენ ხალხთან და გამოვიდნენ კაბინეტებიდან. შესაძლებელია პერიოდულად ჩაანაცვლონ მოადგილეებმა და ისინი დარჩნენ გამგებაში, შემოსული ფოსტა გაიარონ, ან სხვა საკითხებს მიხედონ ",- საუბრობს გუბერნატორი. კითხვაზე, ნუთუ ასე ყველაფრის მითითება და ახსნა სჭირდებათ რაიონის გამგებლებს პასუხობს, რომ მას გამგებლებთან ამგვარი საუბრის საჭიროება არ შეუმჩინი, თუმცა თვლის, რომ ,,გამეორება ცოდნის დედაა" და ამის შესხენება არავის აწყენს.

ამ ეტაპზე კი ქვემო ქართლის გუბერნატორის მთავარი ამოცანა საკუთარი გუბერნიის დალაგებაა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ჰყავს ახალი კადრი - პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი. ამბობს, რომ ვარდიაშვილი ასოცირებული პროფესორი, კარგი გამოცდილების კადრი და რაც მთავარია ღირსეული პიროვნებაა. კითხვაზე რას უპირებს მოადგილე, ზაზა დეკანოიძეს, რომელიც წინა გუბერნატორისგან ერგო, ამბობს რომ დეკანოიძე შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიის წინაშე მასზე კვალიფიციური კადრი წარსდგება.

რეოირგანიზაცია გუბერნიაში 29 იანვარს უნდა დასრულდეს. საკონკურსო კომისიის მუშაობის ფორმატის შესახებ გუბერნატორი ამბობს, რომ კადრები გასაუბრების გზით შეირჩევიან. ,,კომისიას ჩემი მოადგილე უხელმძღვანელბს. კომისიის სხვა წევრებზე და კონკურსის გამოცხადების თარიღზე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, როდესაც გვეცოდინებ აუცილებლად გაცნობებთ. ჩვენი სურვილია ეს პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართოს.

გუბერნიაში მჭირდება ნამდვილი მეურნე ხალხი, რომლებსაც საქმის კეთება შეუძლიათ. იმის გათვალისიწიბით, რომ უამრავ ადამიანს ვიცნობ, ცხადია არის გარკვეული მესიჯები, რომ იქნებ ვაკანტურ თანამდებობაზე დავნიშნო და ა.შ, თუმცა გარწმუნებთ კომისია ობიექტურად იმუშავებს და საუკეთესო კადრები აირჩევიან",-ამბობს მღებრიშვილი.

კითხვას რამდენიმე რეგიონისთვის აქტუალურ საკითხზე ვუსვამთ. გარდაბანში ყოფილ გამგებელსა და მოქმედ საკრებულოსთან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია. მხოლოდ იცის ის, რომ  ყოფილი გამგებელი ,,განაწყენებულია".
კითხვაზე რაიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისას დაინახა, თუ არა რიგითი მოქალაქეებისა და გამგეობებს შორის კომუნიკაციის პრობლემა, ამბობს რომ მსგავსი პრობლემა არ შეუმჩნევია. იხსენებს მარნეულის რაიონში გამართულ შეხვედრებს და ამბობს, რომ მოსახლეობასთან საუბრისას შთაბეჭდილება დარჩა, რომ რაიონის გამგებელსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი.  საუბრისას გამოიკვეთა, რომ გუბერნატორი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ,,მოტივირებულ" გამგებელად მარნეულის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს მიიჩნევს.

გუბერნატორი ამბობს, რომ მედიატორის როლს შეასრულებს გამგეობებსა და მთავრობას შორის. აცხადებს, რომ მიუხედავად რაიონებში დაგროვილი პრობლემებისა დარწმუნებულია შეძლებს რეგიონის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას. 
,, სირთულეებს არასდროს გავქცევივარ და წაგებული არც ერთი ბრძოლიდან გამოვსულვარ", - აცხადებს, გიორგი მღებრიშვილი.

მანონ ბოკუჩავა


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments