გამოწვევა საზოგადოებას - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები - 24 აპრილი 2014

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 


პირველი მაისიდან „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონი" ამოქმედდება. კანონი საქართველოს პარლამენტმა 16 აპრილს მიიღო და იგი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

ერთ კვირაში კანონით აიკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება -  საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან საქართველოდან უკანონოდ გატანა. კანონით გამონაკლისს მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპორტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ გაიზიარა ევროპის ოთხი ქვეყნის - ავსტრიის, გაერთიანებული სამეფოს, კვიპროსის და შვეიცარიის გამოცდილება.
„აღნიშნული ქვეყნების შეფასებით, ეს ნოვაცია ძალიან ეფექტურია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ბრძოლის თვალსაზრისით. საქართველოს შსს-ს და  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა ავსტრიაში, სადაც გავეცანით როგორც სპეციფიკურ იურიდიულ, ასევე, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ საკითხებს",-  აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ბოლო წლებში ისეთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომრავლებამ გამოიწვია, როგორებიცაა სინთეზური კანაბინოიდები.

" ბიო  2-3 წლის წინ გავსინჯე, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახალი შემოსული იყო. ინტერნეტიდან გამოიწერეს ჩემმა ძმაკაცებმა. ფასი სხვადასხვაა გააჩნია, რა გინდა. საერთოდ მაგის მოწევა ბევრი არც შეიძლება და იმის მერე მეტჯერ არც მიცდია.

ალბათ, ორგანიზმსაც გააჩნია, მაგრამ მე მაინცადამაინც არ მომეწონა, იმის მერე  რაღაც პერიოდი ნორმალურად არ მეძინა. ბიოს მოწევისას ეიფორია მაქსიმუმ ნახევარ საათს გაგიგრძელდეს.  პირველივე მოწევისას გივარდება თითქოს ტვინში და გული ისე გიცემს, გგონია რომ ამოგივარდება.  ეგ, საუკეთესო შემთხვევაში, მაგრამ თუ ძლიერი ორგანიზმი არ გაქვს შეიძლება გაგიჟდე.

ნაცნობები მყავს იმდენი ბიო მოწიეს, სულ ,,დაჩლუნგდნენ". ერთმა ისეთი „იზმენა" აიკიდა ეგონა, რომ კვდებოდა. კინაღამ მოკვდა, იმის შიშით რომ მოკვდებოდა.

პლანის მოწევისას იცი, რომ მოწევ და ნუ რაღაც პერიოდი ,,კაიფში" ხარ და მერე გამოხვალ,  მაგრამ ბიოს გარკვეულ ნაერთებთან ერთად ეგ აქვს, რომ არ იცი რა შედეგით დამთავრდება.

რაც შეეხება მარიხუანას ამბავს, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია დარწმუნებული ვარ ბიოთი დაავადმყოფებულებს ვერ უშველის, უბრალოდ ქალაქის 90% ,,დაბოლილი" ივლის", - საუბრობს 26 წლის დათო, რომლის თქმითაც ,,ბიო", რომელიც  ბოლო წლებია ახალგაზრდებში პოპულარულია სულ ერთხელ აქვს გასინჯული.
დათოს თქმით, მას და მის მეგობრებს ე.წ „ბიოს" მოხმარებისკენ მისმა ლეგალურობამ და დაბალმა ფასმა უბიძგა. მით უმეტეს, რომ 2013 წლამდე „ბიოპლანისა" თუ სხვა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების  ყიდვა  მარტივად შეიძლებოდა უცხოური ინტერნეტ-მაღაზიებიდან.

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციაციაში მიიჩნევენ, რომ „ბიო არომატიზატორების" ხშირი მოხმარება სხვადასხვა უმძიმესი დაავადებების გარდა, შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზიც გახდეს:
„დომინირებს ფსიქიატრიული ბუნების მოვლენები: შფოთვა, თვალის კონტაქტის თავიდან აცილება, პარანოია, აჟიტირებული მდგომარეობა, მანიები და ფსიქოზი. თუმცა უცნობია, მომხმარებელთა რა ნაწილს უვითარდება ჩამოთვლილი გართულებები",- ნათქვამია საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბიულეტენში.
ირმა კირთაძე (მკვლევარი-ნარკოლოგი):  „იმაზე საუბარი, თუ რა დაავადებებს იწვევს „ბიოს" მოხმარება, საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს შესაბამისი მონაცემები და დღეს ჩვენ საუბარი მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სინთეზური კანაბინოიდი და ძალიან ადვილია მისი ფარმაკოლოგიური ფორმულის ცვლილება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ კიდევ ემატება აქროლადი გამხსნელები, რომლებიც შედის რეაქციაში და არავინ არ იცის რა წარმოიქმნა. შედეგს კიდევ უფრო ამძიმებს ალკოჰოლისა და სხვადასხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებების დაამატება. იქ სადაც აქროლადი გამხსნელებია, შეიძლება ტვინის ენცეფალოფათიაც განვითარდეს."

ექიმი-ნარკოლოგი თათა ასათიანი  კი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და მათ შორის, ე.წ. სინთეტიკური მარიხუანას პოპულარობის მთავარ მიზეზად მათ ხელმისაწვდომობას, დაბალ ფასს, დამზადების ტექნოლოგიის სიმარტივესა და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიიჩნევს. მისი თქმით, სინთეზურ კარაბინოიდებზე დამოკიდებულება მისი ტოქსიკურობის გამო გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მცენარეული ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოფიციალური პოზიციით, ახალი კანონი სახელმწიფოს გაუმარტივებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სახეობებთან ბრძოლას და შეამცირებს საქართველოში ამ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რიცხვს:

„ ახალი კანონი ითვალისწინებს ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაციას, რაც  პირველ რიგში, ემსახურება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალი სახეობების სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემის ეფექტურ დაძლევას.

დღესდღეობით პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არსებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში ქიმიური რეაქციის შედეგად უმცირესი ჩანაცვლების მეშვეობით ახალი ნივთიერებების მიღება ხდება, რომელთა კრიმინალიზაცია აუცილებელია. კრიმინალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაერთის შესწავლას და შემდეგ შესაბამისი პროცედურების გატარებას საჭიროებს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს - ზოგიერთ სახელმწიფოში 1-2 წელს და მეტსაც.

ამიტომ ქვეყნები ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალი სახეობების სწრაფ განვითარებას ფეხს ვერ უწყობენ. თუმცა, ქიმიურ ნაერთთა კრიმინალიზაციით ყოველგვარი ჩანაცვლება აზრს კარგავს, რადგან ნივთიერების ე.წ. "ბირთვი" უცვლელი რჩება, რაც კანონის მიხედვით იმთავითვე კრიმინალიზებულია. ამიტომ აღნიშნული მიდგომა ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ზოგადად, ნარკოტიკული თრობისათვის გამოსაყენებელი საშუალებების კუთხით, "ახალი გზების" საკითხს რაც შეეხება, მართალია, მომხმარებლები და რეალიზატორები ყოველთვის ეძებენ სხვადასხვა ახალ საშუალებას თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამ დროს ხელისუფლება ქმედითი უნდა იყოს ამ გამოწვევების მიმართ. სწორედ ამიტომ მართებს სახელმწიფოს იდგეს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ადექვატურად უპასუხოს ახალ გამოწვევებს", - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, დღესდღეობით ადამიანის შარდსა თუ სისხლში სინთეზური კანაბინოიდის გამოსავლენი სულ 16 კომერციული ტესტი არსებობს, მაშინ როცა სინთეზური კანაბინოიდების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სწორედ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნარკოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კრიმინალიზაცია ნაკლებად ხარჯთეფექტურია და შესაბამისი ფსიქო-თერაპიული მიდგომის გარეშე ნარკოპოლიტიკის გამკაცრება შედეგს ნაკლებად მოიტანს:

„ ბიოები იმდენად ახალი ფენომენია, რომ ჯერჯერობით საერთაშორისო დონეზეც კი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ძალიან მწირია. საქართველოში „ბიო", სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, მაშინ, როცა ევროპა უკვე კარგა ხანია ამ პრობლემის წინაშე დგას.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები გამუდმებით იცვლება და ბაზარზე გამოდის ახალი შეფუთვით, ახალი სახელითა თუ ახალი ფორმით. EMCDDA-ს მონაცემებით დღეს მსოფლიოში  400-ზე მეტი ასეთი ნივთიერება არსებობს, მაშინ როცა 2010 წელს მათი რაოდენობა 120-ს აღწევდა.

მგონია, რომ  აკრძალვა ნაკლებად ხარჯთეფექტურია და  უმჯობესია სხვა ტიპის ინტერვენციას გამოყენება. პირველ რიგში საჭიროა ზიანისა და რისკების შემცირება, რაც ევროპის ქვეყნებმა უპირველეს ამოცანად დაისახეს. მაგალითად, პოლონეთში მაქსიმალურად შეავიწროვეს ისეთი მაღაზიები თუ აფთიაქები, სადაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღება ხდებოდა. თუმცა ეს საკმარისი არ არის.

პარალელურად უნდა დაიგეგმოს ერთგვარი რეაბილიტაციისა და სამკურნალო მიდგომები. მკურნალობაში არ ვგულისხმობ მხოლოდ მედიკამენტების გამოყენებას,  აქ იგულისხმება მთელი ფსიქო-თერაპიული მიდგომა. საჭიროა, რაც შეიძლება მეტად იყოს ადამიანი ჩართული ფსიქო-თერაპიულ მიდგომაში, იმიტომ, რომ თუ სჯი, ალტერნატივაც უნდა შესთავაზო. ძალიან ბევრი და მათ შორის საქართველოში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება მისი ფიზიკური მოხმარების შეწყვეტა არ არის და ციხეში ადამიანის გამომწყვდევით პრობლემას ვერ უშველის.

შესაბამისი მკურნალობის გარეშე მომხმარებელი აუცილებლად დაუბრუნდება ნარკოტიკს. საჭიროა მისი არა იზოლაცია, არამედ მკურნალობა.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზედოზირების შედეგად ყოფილა გარდაცვალების შემთხვევა, როცა იქ მყოფი ადამიანები, ვერც კი მიხვდნენ, რომ ექიმი იყო საჭირო. აუცილებელია, შესაბამისი უწყებების მხრიდან, გარკვეული ინსტრუქციების შემუშავება, რომლებიც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების გადამეტებით მიღებისას გამოვლენილი გარეგანი ნიშნების ამოცნობაში დაეხმარება. ეს ინსტრუქციები საინფორმაციო ბროშურების სახით ყველა ძირითად კლუბსა თუ ბარში უნდა დარიგდეს და მომსახურე პერსონალმაც შესაბამისი ინსტრუქტაჟი გაიაროს",-საუბრობს ნარკოლოგი ირმა კირთაძე.

ნინო მელიქიშვილი
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments