წინასაარჩევნო კამპანია და სოციალურად დაუცველთა პრობლემები





,,საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად კობაიძე რუსთავის მე-17 მკ. რაიონის ყოფილ 39-ე საბავშო ბაღში შესახლებულებს შეხვდა.

აღნიშნულ მისამართზე მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ რთულ პირობებში უწევთ ყოფნა.

,, გახლავართ უსახლკარო, ვცხოვრობდი რუსთავის კერძო სკოლა ,,რეცაში", როდესაც გამოგვასახლეს იქიდან 2 დღე-ღამე ღია ცის ქვეშ ვიყავით. იძულებული გავხდით გვეძებნა თავშესაფარი და აქ, შემოვედით - ვცხოვრობთ, უკვე მე-8 თვეა.

გვეშინია ამ შენობიდანაც არ გაგვასახლონ, ამიტომ ვითხოვთ იმ ფართების დაკანონებას, სადაც ვცხოვრობთ. შენობაში არ გვაქვს ბუნებრივი აირი, ასევე პრობლემაა სახურავი - წვიმის დროს ორივე სართულზე ჩამოდის წყალი.
მივმართეთ რუსთავის მერიას, მაგრამ არაფრით დაგვეხმარნენ. ჩვენით კი ვერ გავუმკლავდებით ამ პრობლემებს. 5 და 3 წლის ბავშვების დედა ვარ, 1000 არის ჩემი ოჯახისთვის სარეიტინგო ქულა სოციალური პროგრამით - მე რისი გაკეთება შემიძლია?!", - საუბრობს 39-ე საბავშვო ბაღში მცხოვრები, ფიქრია გურაბანიძე. ამბობს, რომ ამ დროისთვის შენობაში 19 ოჯახი ცხოვრობს.

მათთან შესახვედრად მისული ,,საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი კი აცხადებს, რომ სოციალური მიმართულებით წლებია მუშაობს და არჩევის შემთხვევაში შეძლებს საზოგადოების ამ ნაწილის დახმარებას. კობაიძე ამბობს, რომ უსახლკარო მოქალაქეებზე ზრუნვის ვალდებულება თვითმმართველობას აქვს.

,, ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანების მიმართ სრულ უყურადღებობას ადგილობრივი ხელისუფლების, სახეზეა მათი სრული უნიათობა. ჩვენ საზოგადოების ამ ნაწილს ვპირდებით, რომ მათ მიმართ შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო ქარტიით აქვს სახელმწიფოს აღებული. 

საბინაო ფონდის შექმნით, თუ სხვა გზით ჩვენ მოვახერხებთ მათზე ზრუნვას. სწორი მენეჯმენტით ეს შესაძლებელია", - საუბრობდა, ალექსანდრე კობაიძე.

ყოფილ 39-ე საბავშო ბაღში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობაზე და მათ თხოვნაზე თვითმმართველობის მიმართ კომენტარს რუსთავის მერია აკეთებს. ,, აღნიშნული შენობა არის თვითმმართველობის ბალანსზე და მოსახლეობის გამოსახლება მერიის მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხულია. მაცხოვრებლები ითხოვენ ბინების დაკანონებას, მათ ქონების მართვის სამსახურმა აუხსნა, რომ ამის იურიდიული უფლება თვითმმართველობას არ აქვს. 

რაც შეეხება გადახურვას, ვინაიდან შენობა არ არის საცხოვრებელი კორპუსი, მისი გადახურვა ბიუჯეტით წლის დასაწყისში არ იყო გათვალისწინებული. თვითმმართველობამ იცის ამ პრობლემის შესახებ და თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში მოხერხდება ეკონომიის გაკეთება, მერია შეეცდება ამ ადამიანების დახმარებას", - აცხადებენ რუსთავის მერიაში. 



Comments