ხაიშელები საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

kkpress.ge - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს, რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ჩოქური და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრების  მიზანი, სოფლების პრობლემების გაცნობა იყო.

მიწის პრობლემის წინაშე დგას სოფელი ხაიში. სოფლის მიწები 2010 წელს ელექტრონული აუქციონით უცხოელ ინვესტორებზე გასხვისდა -  მოსახლეობა კი საძოვრების გარეშე დარჩა.

,,მე არ შემიძლია, მიწები დავაბრუნო, მე შემიძლია შუამავლობა გაგიწიოთ სამინისტროსთან. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მთავრობის დონეზე დავაყენოთ მიწების გაცვლის საკითხი', -  დაპირდა შეხვედრის ბოლოს, მამუკა ჩოქური ხაიშელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა მათი სოფლის გაზაფხულობით ცხვრის და პირუტყვის გადმოსარეკად გამოყენებაზე.
კონკრეტულად კი ხაიშელები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მათი თქმით მეცხვარეები სათავე რეზერვუარიდან სოფლის წყალს კეტავენ და თავად იყენებენ. აცხადებენ, რომ ცხვრის გადარეკა თვეების განმავლობაში გრძელდება და სოფელი ხშირად, უწყლოდაა დარჩენილი.

,, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა პირუტყვის გადასარეკი გზის საკითხი და უკვე დაწყებულია, ამ თემის განხილვა. შექმნილია უწყებათაშორისი კომისია და მიმდინარეობს, ამ საკითხის შესწავლა. სავარაუდოდ შემოდგომისთვის, ბევრი ღონისძიების გატარებაა გათვალისწინებული", -  აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხუხაშვილი.

მედეა ჭკადუა


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments