რუსთავში სამარშუტო ტაქსის მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - 02 მაისი 2014

kkpress.ge- ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 


რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალის ტირილს დღეს პაციენტები, ექიმები, ადგილობრივი პოლიცია და რიგითი მოქალაქეები ისმენდნენ. გოგონა გარდაცვლილ მამასთან მიყვანას ითხოვდა. მედიის წარმომადგენლებს კი კატეგორიულად სთხოვდა დაეტოვებინათ ტერიტორია.

რუსთაველი ვეფხია გოგილაშვილი, დღეს დილით ძმამ ჩამომხრჩვალი იპოვა. თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობს ოჯახი. მეგობრები კი რომლებიც გოგილაშვილის მსგავსად რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზებზე მუშაობენ აცხადებენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ყვითელი სამარშუტოების შემოყვანაა.

თენგიზ ჩხეიძე, რომელიც ასევე მძღოლია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გოგილაშვილი აღელვებული იყო და ნერვიულობდა სხვადასხვა ხაზებზე ყვითელი სამარშუტოების გამოჩენის გამო. ,,ამბობდა რა გვეშველება, რა გავაკეთოთო?! რა ექნა, საკუთარ შვილებთან ერთად ორი ობოლის მარჩენალიც იყო", - საუბრობდა ჩხეიძე.

მძღოლების ადვოკატი რევაზ რიჟამაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინა, ლეიბორისტულმა პარტიამ რუსთავის მერობის კანდიდატად წარადგინა აცხადებდა, რომ მძღოლებზე ზეწოლას დაჯარიმების გზით ახდენდა რუსთავის მერია, რომელსაც ამ საქმეში ადგილობრივი პოლიცია ეხმარებოდა. საუბრობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეუქმნეს სტრესული გარემო, რასაც ვერ გაუძლო ვეფხია გოგილაშვილმა.
რუსთაველი მძღოლის თვითმკვლელობის ფაქტზე საგანგებო განცხადება გაავრცელა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მფლობელმა კომპანია ,,ინტერტრანსმა".

კომპანიის დირექტორი, მამუკა მუმლაძე მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შეისწავლონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. მუმლაძე აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით მუდმივად ხდებოდა და ხდება მძღოლებზე ზეწოლა, რათა  მათ არ ითანამშრომლონ კომპანიასთან. საუბარობს, რომ ასეთი ფაქტებით ,,ინტერ ტრანსმა" მიმართა პოლიციას, თუმცა უწებას ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს.

,, ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ე.წ. ხაზის მეპატრონეებისა და მათი ადვოკატის, რიჟამაძის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა გოგილაშვილს უარი ეთქვა "ინტერტრანსთან" თანამშრომლობაზე. თხოვნით მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად მოახდინოს რეაგირება, რათა არავის მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია", - ნათქვამია "ინტერტრანსის" განცხადებაში.

მაშინ, როდესაც კომპანია და მძღოლები მომხდარში ერთმანეთს, ადგილობრივ პოლიციას, რუსთავის მერიას ადანაშაულებენ - გოგილაშვილების სახლში ოჯახის წევრის ცხედრის მისვენებას ელიან..



მანონ  ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments