პრემიერის განკარგულებით რაიონებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა

kkpress.ge- ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

რუსთავის ბიუჯეტში ამაწლის 14 აპრილს ცვლილებები შევიდა. საია-ს ადგილობრივი ორგანიზაცია საკითხისადმი ყურადღებას იჩენს. ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს რუსთავის საკრებულოს და ითხოვენ ინფორმაციას რის საფუძველზე მოხდა ცვლილების განხორციელება.

,,აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში არ წარმოადგენს კანონდარღვევას, რადგან წინასაარჩევნო შეზღუდვის 60 დღიან პერიოდში არ ხვდება, თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას აქცევს მსგავს ფაქტებს, რადგან არჩევების წინა პერიოდში განხორციელდა და მნიშვნელოვანია", - საუბრობს ფავლენიშვილი. 
,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებაზე კითხვით რუსთავის თვითმმართველობას მიმართა. პასუხად მივიღეთ განმარტებითი ბარათი, სადაც საუბარია რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების ნაწილის შეტანა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის #641 განკარგულების საფუძველზე მოხდა.
რუსთავის საკრებულოს #222 დადგენილების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი ასეთი იყო:

,, მიმდინარე წლის საქართველოს მთავრობის 10 აპრილის N641 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 13 იანვრის N34 განკარგულებაში და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ რუსთავს დამატებით გამოეყო თანხა 245.9 ათლარი", - ნათქვამია რუსთავის საკრებულოს #222 დადგენილების განმარტებით ბარათში. 

პრემიერი 10 აპრილის #641 განკარგულებით ვიგებთ, რომ არჩევნებამდე 67 დღით ადრე ღარიბაშვილმა შეიტანა ცვლილებები #34 განკარგულებაში და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 139 987 531 ლარი. ეს მაშინ როდესაც #34 განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდად გამოსაყოფ თანხად მითითებული იყო 2 914 241 ლარი.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად გაიზარდა რაიონებისთვის გამოყოფილი თანხებიც.

კერძოდ, რუსთავის შემთხვევაში #34 განკარგულებით გამოყოფილი იყო 101 060 ლარი, ცვლილების შემდეგ კი განისაზღვრა არა უმეტეს 7 104 378 ლარი, ბოლნისის შემთხვევაში არა უმეტეს 1 719 855 ლარი - მაშინ როდესაც პრემიერის იანვრის განკარგულებით აღნიშნული რაიონისთვის გამოყოფილი იყო 46 560 ლარი, თანხები გაიზარდა წალკის და თეთრიწყაროს რაიონებისთვისაც.
ფოტოს წყარო: cp.ge

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments