რუსთაველი მძღოლის თვითმკვლელობა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა

kkpress.ge - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

გუშინ რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლის თვითმკვლელობის შემდეგ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. მძღოლებთან ერთად აქციებში აქტიურად ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები. მძღოლები აცხადებენ, რომ არ სურთ პროცესის პოლიტიზება, თუმცა მიუხედავად ამისა საპროტესტო აქციები გადაიზარდა პოლიტიკურ კამპანიაში, რომელიც მიმართულია ,,ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით ჯიქიას წინააღმდეგ.

,, ეს ქალაქი არ იმსახურებს ისეთ მერს, როგორიც არის დავით ჯიქია! რუსთაველები არ მისცემენ მას გამარჯვების საშუალებას",- მიმართავდა აქციის მონაწილეებს პარტია საქართველოს გზის, რუსთავის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე. აცხადებდა, რომ აქციაზე იმყოფება როგორც რიგითი რუსთაველი და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ,, ის, რაც ხდება ამ ადამიანების თავს არის როგორც ძველი ასევე ახალი ხელისუფლების დანაშაული", - საუბრობდა კობაიძე.

აქციაზე მყოფი პოლიტიკური პარტიების ნაწილი კითხვაზე იმყოფებოდნენ, თუ არა გარდაცვლილის ოჯახში სამძიმრის სათქმელად აცხადებდნენ, რომ ჯერ არ ასულან. მიუხედავად ამისა, მათ უკვე - აქციის მიმდინარებისას მიიტანეს გვირგვინი, არა გარდაცვლილის ოჯახში თანადგომის გამოსახატად, არამედ ,,ქართული ოცნების" ოფისთან წარწერით ,,ნაციონალური ოცნება."

მათ ოფისის წინ ცოცხალ ჯაჭვად განლაგებული დახვდათ პოლიციელები, რომელთა რიცხვი აქციის მონაწილეებისას აღემატებოდა. ზოგადი ტენდენციით მიმდინარე აქციების დროს ადგილობრივი პოლიცია სახელმწიფო რესურს არ ზოგავს და რამდენიმე საპატრული პოლიციის ეკიპაჟით, 20-მდე ოპერატიული მანქანით მუშაობს.

აქციის მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა ,,ოცნების" ოფისიდან მალევე გადაინაცვლეს მერიის შენობასთან.

მძღოლები აცხადებდნენ, რომ ახალ მთავრობას არ ანაღვლებს მათი ბედი და ყველაფერი რაც ხდება არის ამის გამოვლინება. პოლიტიკურ პარტიებს კი კიდევ ერთხელ სთხოვდნენ, მძღოლების პროტესტისთვის არ მიეცათ თავიანთი აქტიურობით პოლიტიკური სახე.

საბოლოოდ გვირგვინი ლენტით ,, ნაციონალური ოცნება" რუსთავის მერიის წინ დაიდო. უქმე დღის გამო, შენობაში სამუშაო პროცესი არ იყო, შესაბამისად ის პოლიცილებს  ,,ჩაბარდა" .

მიმდინარე მოვლენებზე ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა ,,ქართული ოცნების" რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით სხირტლაძემ.

 
მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments